სატვირთო, რომელიც გზის საფარს 2 წუთში შეაკეთებს — Cimline P5
მძღოლებს, როგორც წესი, ბევრი რამე აწუხებთ — საცობები, საწვავის ფასები, ავტომობილის გაუმართაობა და ა.შ, თუმცა ყველაზე ხშირად, ალბათ, გზებზე მაინც ორმოებს ვაწყდებით... ნამდვილად არ არის საუკეთესო შეგრძნება, როცა მშვიდად მგზავრობთ და უცებ თქვენი მანქანის ბორბალი ერთ-ერთი ასეთ ორმოში მოწყვეტით ჩავარდება... და, ცხადია, სასიამოვნო არც ასეთი შემთხვევის ასარიდებლად ზიგზაგებით სიარულია...
ხშირად, დიდ ქალაქებში საგზაო ინფრასტრუქტურაზე პასუხისმგებელი ორგანოები გზის საფარის დაზიანების ტემპებს ფეხს ვერ უწყობენ და ორმოებიც მრავლდება — მორიგი გახეთქილი საბურავისა და საჩივრის შემდეგ, ადგილზე გზის შემკეთებელი ჯგუფების გაგზავნა რთული და შრომატევადი პროცესია, რომლის გამარტივებაც ზოგად მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოასწორებდა. სწორედ ამისთვის შეიქმნა რამდენიმე წლის წინ Cimline P5 — სპეციალური სატვირთო, რომელიც ორმოებს რამდენიმე წამში ავსებს.
თანდათან ეს ტექნიკა აშშ-ის ქალაქებში მკვიდრდება — ოჰაიოში, ქალაქ აკრონში, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორი ასეთი ავტომობილი შეიძინა, რომლებიც საქმეს უკვე შეუდგნენ. P5 DuraPatcher ტექნოლოგიით მუშაობს — მძღოლი სატვირთოში რჩება და მხოლოდ სპეციალური სატყორცნი მილის ჯოისტიკით მართვა უწევს. ერთბაშად ავტომობილის სპეციალური რეზერვუარი 10 ტონა სარემონტო მასალას იტევს.
74-ცხენისძალიანი ძრავა, რომელიც Tier 4 Final-ის ეკოლოგიურ სტანდარტებს შეესაბამება, საშუალებას იძლევა, 12 კუბური მეტრის მოცულობის მასალა 1 წუთში გამოიფრქვეს — ორმოს სრუყოფილად შევსებას რამდენიმე წუთი სჭირდება და, რაც ყველაზე სასიამოვნოა, ამ სახით ამოვსებული ორმო უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე ტრადიციულად „დაკერებული“ საფარი. 
Cimline-ს ვებსაიტზე ოფიციალური ფასი მითითებული არ აქვს, თუმცა Akron Beacon Journal-ის ცნობით, ერთი სატვირთოს P5-ის ფასი 300 000$-ია. ამ თანხად კომპანია დამკვეთს Isuzu-ს შასიზე დამაგრებულ DuraPatcher სისტემას მიაწვდის.
მოცემული ტექნოლოგიის დამკვიდრების შემთხვევაში, საავტომობილო გზის დაზიანება არსებულზე ბევრად მარტივად აღმოსაფხვრელი გახდება.