ამერიკელმა მძღოლმა Mach-E-ით 500 000კმ-ზე მეტი გაიარა — ბატარეა მხოლოდ 8%-ით დეგრადირდა
2020 წელს ბევრი ავტომოყვარული Ford-ის გადაწყვეტილებას, გამოეშვა სრულად ელექტრო Mustang Mach-E, სკეპტიკურად უყურებდა — ეს დებატი დღემდე გრძელდება, თუმცა თითქმის 6 წელიწადში მოდელმა შეძლო ბაზარზე თავის დამკვიდრება და ელექტრო SUV-ის მსურველებისთვის მიმზიდველ ვარიანტად იქცა.
მართალია, Mach-E-მ Tesla Model Y-ს ტახტიდან ჩამოგდება ვერ შეძლო, თუმცა ფედერალური შეღავათების მოხსნამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში ბენზინზე მომუშავე Mustang-ის გაყიდვებს მაინც აჭარბებდა. ეს ტენდენცია შეიცვალა, თუმცა ახლა სხვა ისტორიაზე უნდა ვისაუბროთ.
Mach-E-ს მფლობელი ათობით ათასი ამერიკელიდან ცოტამ თუ დატვირთა თავისი ელექტრომობილი ისე, როგორც ეს დევიდ ბლენკემ გააკეთა. მან 2022 წლის ივნისში მოდელის Premium კომპლექტაცია შეიძინა, რომელიც უკეთესი ბატარეითაა აღჭურვილი და შორ დისტანციებზე მომუშავე ტაქსის მძღოლი გახდა. 7000-ზე მეტი მომხმარებლის მომსახურების შემდეგ, მისმა ელექტრომობილმა არც მეტი, არც ნაკლები, 316 000 მილი გაიარა (508 500კმ).
თავად Ford-მა Blenke-ს მიღწევა ჯერ კიდევ 250 000 მილის გავლის შემდეგ აღნიშნა (გასული წლის ივლისში), მიმდინარე კვირას კი ამერიკელ მძღოლს ინტერვიუ Forbes-მა ჩამოართვა. ინტერვიუში ბლენკემ აღნიშნა, რომ ბატარეა მთელ ამ პერიოდში მხოლოდ 8%-ით დეგრადირდა. ეს შესანიშნავი ამბავია იმ მძღოლებისთვის, რომლებსაც ელექტრომობილის შეძენა სურთ, თუმცა დეგრადაციის საფრთხეები აშფოთებთ. 
მძღოლის განცხადებით, Mach-E ერთი დამუხტვით კვლავ 482 კილომეტრს გადის, როგორც ამას პირველ დღეს აკეთებდა. Recurrent-ის კვლევის თანახმად, 250 000 მილის გავლის შემდეგ, ელექტრომობილის ბატარეა, საშუალოდ, 20%-ით დეგრადირდება — თუ ბლენკე სიმართლეს ამბობს, ან Mach-E-ს ბატარეაა განსაკუთრებული, ან თავად მძღოლი აკეთებდა რამე განსაკუთრებულს.
გასული 3.5 წლის განმავლობაში, ამერიკელი მძღოლის თქმით, შეცვალა საბურავების 6 ნაკრები და 7 სალონის ფილტრი. ასევე, ყოველ 10 000 მილზე ავტომობილს სტანდარტულ შემოწმებას უტარებდა — გასაოცარია, მაგრამ შეკეთება, ჯერჯერობით, არც ერთ მნიშვნელოვან დეტალს არ დასჭირვებია. 
ბატარეის „შენახვის“ საიდუმლო, ბლენკეს თქმით, მისი ყოველდღიურად 90%-მდე დამუხტვა და 20%-ზე დაბლა განმუხტვის თავიდან მაქსიმალურად არიდებაა. დამუხტვის უდიდესი ნაწილი კი საკუთარ სახლში მოწყობილ მე-2 დონის დამმუხტველზე მოდის.
ერთი სიტყვით, Mach-E-ს ბევრი „ჰეითერი“ ჰყავს, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ელექტრომობილი არც ისეთი ცუდია, როგორც ახასიათებენ...