ყველგანმავალი, რამი, ოფროუდი, რამი 1500
Aa
Aa

Ram-ი ყველგანმავლების ხაზს აფართოებს | ახალი 1500 BackCountry უკვე ხელმისაწვდომია

ამერიკული Ram-ი ყველგანმავალი (ოფ-როუდ) ავტომობილების ხაზის გაფართოებას ახალი მოდელით, 1500 BackCountry-ით შეეცდება. თქვენ წინაშე გამძლე, საშუალო დონის პიკაპია, რომელიც არსებულ ხაზში Rebel-სა და Warlock-ს შორის იქნება წარმოდგენილი.

Big Horn 4×4 Crew Cab-ზე დაფუძნებული BackCountry უგზოობისთვის გათვლილი ავტომობილია. ეს მოდელი, რთულ გზებთან უკეთ გამკლავების მიზნით, 1 ინჩით მეტად არის აწეული. ძარის ქვეშა ფირფიტები უზრუნველყოფს ძრავისა და ქვედა ნაწილის დაცვას ქვებისგან თუ სხვა დაბრკოლებებისგან, ხოლო ელექტრონული უკანა დიფერენციალი — უკეთეს მოჭიდებას ტალახში, ქვიშასა თუ თოვლში.

ზემოთ ჩამოთვლილს ძლიერი ამორტიზატორები, წინა საბუქსირე კაუჭები და 18-დიუმიანი Satin Black დისკები ემატება, რომლებიც 32-დიუმიანი ოფ-როუდ საბურავებითაა შემოსაზღვრული. Ram-ის ახალ მოდელს Selec-Speed სისტემაც აქვს, რომელიც ოფ-როუდ კრუიზ-კონტროლივით მუშაობს და ავტომატურად აკონტროლებს სიჩქარეს რთულ რელიეფზე, რათა მძღოლმა მაქსიმალური ყურადღება გზაზე გადაიტანოს.

ყველგანმავალი მოდელებისთვის დამახასიათებელი დეტალების გარდა, ახალი Ram-ი დიზაინითაც გამოირჩევა, მათ შორის — რადიატორის ცხაურის ჩარჩოთი, რომელსაც შავი ფენდერები და ბამპერები ემატება. მუქი სტილი გრძელდება სხვა დეტალებშიც, მაგალითად, Satin Black ემბლემებსა და ფარების ჩარჩოებში.

ინტერიერში ცვლილებები შედარებით მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა უნდა გამოვარჩიოთ შავი ვინილის სავარძლები, ასევე MOLLE-ს ტიპის პანელური შესანახი სისტემა სავარძლების ზურგებზე, რაც დამატებით პრაქტიკულობას უზრუნველყოფს. სხვა მნიშვნელოვანი დეტალებია ყველა სეზონისთვის განკუთვნილი იატაკის ხალიჩები და BackCountry-ის ემბლემა მგზავრის მხარეს დაფაზე. ასევე თვალში საცემია ვერცხლისფერი ან თეთრი ჩანართები, რომლებიც ინტერიერს უფრო დახვეწილ იერს სძენს.

ასევე დაგაინტერესებთ: ისტორიაში საუკეთესო ყველგანმავალი ავტომობილები

BackCountry პაკეტის ღირებულება $2 995-ია და იგი ხელმისაწვდომია 1500 Big Horn ვერსიებზე, რომლებიც Level 1 ან Level 2 Equipment Group-ითაა აღჭურვილი, ანდაც 5.7-ლიტრიანი Hemi V8 და 3-ლიტრიანი ერთრიგა 6-ცილინდრიანი ძრავით. პირველი ვერსია 395 ცხენის ძალასა და 555 ნიუტონ-მეტრს გამოიმუშავებს, ხოლო მეორე — 420 ცხენის ძალასა და 623 ნმ-ს გვთავაზობს.

1500 BackCountry-ზე შეკვეთებს ამერიკული კომპანია უკვე იღებს. ოფ-როუდ მოდელის ფასი $62 410-დან იწყება (დანიშნულების ადგილზე მიყვანის საფასურის ჩათვლით).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები