ოფიციალურად — Audi A2 ბრუნდება და ის ელექტრომობილი იქნება
Audi-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ A2 ბრუნდება. ბოლოს ეს მოდელი 2000-იან წლებში ვნახეთ — ის იმ დროისთვის ტექნოლოგიურად საკმაოდ განვითარებული და ენერგოეფექტიანი მანქანა იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, მყიდველის გულის მოგება ვერ შეძლო.
ახალი A2 ელექტრომობილი იქნება, თანაც ტექნოლოგიურად კიდევ უფრო განვითარებული, გერმანულ ავტომწარმოებელს კი იმედი აქვს, რომ ფინანსურ მოგებას ამჯერად მაინც ნახავს. 
Audi-მ ჯერჯერობით A2 e-tron-ის მხოლოდ სილუეტი გამოაჩინა, დეტალურად მოდელის ხილვას მიუნხენის წლევანდელ ავტოშოუზე შევძლებთ. რაც შეეხება სილუეტს, ის 1999-წელს გამოსული, იმ სტანდარტებით ეგზოტიკური მოდელის ვიზუალს ნამდვილად წააგავს.
ახალი A2 e-tron-ი Volkswagen Group-ის MEB პლატფორმას დაეფუძნება, რაც ნიშნავს, რომ ის Volkswagen ID.3-ის არაერთ თავისებურებას გაიზიარებს. შესაბამისად, მოდელი ერთი დამუხტვით საკმაოდ დიდ მანძილს დაფარავს და მისი ტექნოლოგიებიც მეტ-ნაკლებად, ნაცნობი იქნება. 

ცხადია, პაპარაცებით სავსე სამყაროში მხოლოდ ერთი ფოტოს მიხედვით საუბარი არ გვიწერია. გავრცელებული ფოტოებიდან, რომლებზეც „შეფუთული“ A2 ჩანს, ვიგებთ, რომ ახალი მოდელი გაბარიტებით წინაპარზე დიდი იქნება, რაც მანქანას უფრო სოლიდურ შეხედულებას ანიჭებს. დიდი ალბათობით, შთამბეჭდავი იქნება სალონში არსებული სივრცეც, როგორც ეს 2000-იანი წლების ვერსიაში იყო.
პაპარაცების მიერ გავრცელებული ფოტოებიდან ვიგებთ იმასაც, რომ სალონში სენსორების სიჭარბეს და ღილაკების ნაკლებობას ვიხილავთ — ერთი შეხედვით, A2 გერმანული ავტომწარმოებლის ყველაზე პატარა ელექტრომობილი იქნება, თუმცა, დიდი ალბათობით, ზომების მსგავს ფასს არ უნდა ველოდოთ... 
A2 e-tron-ი ბრენდის მშობლიურ ინგოლშტადტში აიწყობა და საწარმოო ხაზში A1-ისა და A2-ის ადგილებს დაიკავებს — ექსპერტები მის სავარაუდო ფასად 35 000 ევროს ასახელებენ.
„ჩვენ მოვუსმინეთ მომხმარებლებს — მათ ისეთი ელექტრომობილი სურთ, რომელიც გავლენას ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოახდენს. A2 e-tron-ი სწორედ ეს არის — ეფექტიანი, კომპაქტური და თავდაჯერებული“, — განაცხადა Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გერნოტ დიოლნერმა.