ელექტრომობილი, ჩინეთი, სიაომი, სიაომი ესიუ7, შაომი სუ7
Aa
Aa

Xiaomi-მ SU7 განაახლა და პირველ რვა საათში 15 000 შეკვეთა მიიღო

Xiaomi SU7-ის ბაზარზე გამოჩენიდან მხოლოდ ორი წელი გავიდა, თუმცა ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოდელი ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტროსედანი გამხდარიყო. SU7-ის განახლებული ვერსია ავტომწარმოებელმა ახლახან წარადგინა და გამოხმაურებამაც არ დააყოვნა — გაყიდვების დაწყებიდან მხოლოდ პირველ რვა საათში Xiaomi-მ ელექტრომობილზე 15 000-მდე შეკვეთა მიიღო.

წინა მოდელის მსგავსად, განახლებული SU7-იც სამი — Standard, Pro და Max — კონფიგურაციით გაიყიდება. საბაზისო SU7 Standard-ი 73 კვტ/სთ ლითიუმ-რკინის ფოსფატის (LFP) აკუმულატორითაა აღჭურვილი, 315 ცხენის ძალის მქონე ძრავა კი უკანა მხარეს აქვს დამონტაჟებული. CLTC-ის სტანდარტით, ეს ვერსია ერთი სრული დამუხტვით 720 კილომეტრს ფარავს, მისი ფასი კი დაახლოებით 31 900 აშშ დოლარია.

Xiaomi-ს მეორე შეთავაზება SU7 Pro გახლავთ — უფრო დიდი, 96.3 კვტ/სთ LFP აკუმულატორით და კვლავ 315 ცხენის ძალით. ამ ვერსიას ერთი დამუხტვით 902 კილომეტრის დაფარვის შესაძლებლობა აქვს, მისი საწყისი ფასი კი 36 200 აშშ დოლარამდე იზრდება. რაც შეეხება SU7 Max-ს, ის ხაზში ყველაზე მძლავრია. 101.7 კვტ/სთ სამმაგი ლითიუმის აკუმულატორით მოდელი 835 კილომეტრს ფარავს, ორძრავიანი სისტემით კი 681 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოდელის საწყისი ფასი 44 000 აშშ დოლარია.

განახლებული ელექტრომობილი ვიზუალურად მეტწილად წინა მოდელის მსგავსია, თუმცა ახლა SU7-ის ყველა ვერსიას LiDAR-ი (4D რადარით და Nvidia Thor-U გამოთვლითი სისტემით) სახურავზე აქვს დამონტაჟებული. ახალი რადარი დაემატა წინა მხარესაც, ხოლო საბურავები, მოჭიდების გასაუმჯობესებლად და უსაფრთხოების გასაზრდელად, უფრო ფართოა.

ასევე დაგაინტერესებთ: რამდენად უსაფრთხოა ელექტრო ავტომობილები?

Xiaomi-მ კარის განბლოკვის ახალი მექანიზმიც დააყენა — სამმაგი სარეზერვო სისტემით, რათა მძიმე ავარიების დროს მძღოლები ელექტრომობილში არ ჩაიჭედონ და მანქანის დატოვება მარტივად შეძლონ. წინა მგზავრის კარის მექანიკური გამშვებისთვის წითელი ფერია შერჩეული, რაც საგანგებო სიტუაციებში მის ამოცნობას გააადვილებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები