განბაჟება, საკანონმდებლო ცვლილება, განბაჟების საფასური
Aa
Aa

პარლამენტმა ავტომობილების განბაჟების საფასურის გაზრდის კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 71 ხმით 11-ის წინააღმდეგ მსუბუქი ავტომობილების განბაჟების ტარიფებთან დაკავშირებით ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მომზადებული ინიციატივა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილება შეეხება ყველა ავტომობილს, რომელიც 2026 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არ იყო საქართველომდე ტრანსპორტირების პროცესში, შესაბამისად, იმ ავტომობილებს რომელთა ტრანსპორტირებაც ამჟამად დაწყებული არაა, გაძვირებული განბაჟების აქციზი შეეხება.

ცვლილება ქვეყანაში ახალი ავტომობილების იმპორტის ზრდის ტემპის შემცირებას ისახავს და ის აძვირებს როგორც 6 წლამდე ავტოიმპორტის აქციზსს, ასევე 6 წელზე მეტი ხნის წინ წარმოებული ავტომობილების აქციზსს.

  • 1 წლამდე ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 სმ³-ზე 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 2 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.5 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 0%;
  • 3 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.4 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 7%;
  • 4 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1.2 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 25%;
  • 5 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 1 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 50%;
  • 6 წლის ავტომობილებისთვის - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 1.5 ლარი, მატება 88%;
  • 6 წლის და მეტი ავტომობილები - მოქმედია 0.8 ლარი; იქნება 4.5 ლარი, მატება 560%.

6 წლამდე ჰიბრიდული ავტომობილები აქციზის 60%-ის შეღავათით ისარგებლებენ.

ელექტრომობილები კვლავინდებურად აქციზისგან იქნებიან გათავისუფლებული.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების მიზანია ავტოპარკის განახლების ხელშეწყობა და გარემოზე ზემოქმედების შემცირება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი 6 წელზე მეტი ასაკისაა, რაც უარყოფითად აისახება ჰაერის ხარისხზე, საგზაო უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტიანობაზე. ავტორების შეფასებით, მოქმედი დაბეგვრის სისტემა ვერ ქმნის საკმარის სტიმულს შედარებით ახალი ავტომობილების იმპორტისთვის.

ამასთან, განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აქციზის გაზრდამ შესაძლოა შეამციროს 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი, თუმცა იმპორტიორთა ნაწილის უფრო ახალ ავტომობილებზე გადართვის შემთხვევაში, ბიუჯეტში შემოსავლების შემცირება შესაძლოა დაბალანსდეს.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული პროგნოზი, თუ რა მოცულობის — რამდენი მილიონი ლარის — გავლენა ექნება ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილზე. არსებული მონაცემებით, 2025 წელს ავტომობილების განბაჟების აქციზიდან ბიუჯეტში 329 მილიონი ლარი შევიდა.

წყარო: BM.GE

მსგავსი სიახლეები