საქართველო, მაგისტრალი, საგარეჯო-ბადიაურის ავტომაგისტრალი, კახეთის მაგისტრალი
Aa
Aa

საგარეჯო-ბადიაურის ახალი მაგისტრალი მგზავრობის დროს თითქმის გაანახევრებს

საგარეჯო-ბადიაურის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ავტომაგისტრალის მშენებლობის პროცესს დღეს ადგილზე რევაზ სოხაძე გაეცნო. როგორც სოხაძე აცხადებს: „სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე არსებობს გარკვეული შენიშვნები, რომლებიც კომპანიამ უმოკლეს ვადაში უნდა გამოასწოროს. შესაბამისი მითითებები უკვე მიცემულია“.

საგარეჯო-ბადიაურის 17-კილომეტრიანი მონაკვეთი კახეთის მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის მიზანსაც რეგიონში გადაადგილების ხარისხობრივად გაუმჯობესება წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა შენდება, რომელიც ბადიაურთან ახალ სატრანსპორტო კვანძს, 4 ხიდს, 8 გზაგამტარსა და 86 წყალგამტარ მილს მოიცავს. სამუშაოებისა და ახალი გზის მოწყობის პარალელურად კი მოწესრიგდება ადგილობრივი საგზაო ქსელი, რომლის საშუალებითაც ახალი მაგისტრალი მიმდებარე გზებს მაქსიმალურად ეფექტიანად დაუკავშირდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიწის ვაკისისა და საგზაო სამოსის მოწყობა, ასევე ინტენსიურად გრძელდება ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა. ახალი გზის ერთ-ერთი მთავარი ეფექტი დასახლებების განტვირთვა იქნება — მონაკვეთი გვერდს აუვლის ხუთ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს: თოხლიაურს, მანავს, ჩაილურს, კაკაბეთსა და ბადიაურს. შედეგად შემცირდება სატრანსპორტო ნაკადი სოფლების შიგნით, გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება და გარემოზე ზემოქმედება“, — ვკითხულობთ ოფიციალური უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, მაგისტრალური გზის ამოქმედების შემდეგ გადაადგილების მანძილი 2 კილომეტრით შემცირდება, მგზავრობის დრო კი თითქმის განახევრდება, ხოლო გზის გამტარუნარიანობა დაახლოებით სამჯერ გაიზრდება. ახალი მაგისტრალი სრულად იქნება შესაბამისობაში თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტებთან და აღიჭურვება განათების სისტემით.

სოხაძის განცხადებით, ოფიციალური უწყებები აქტიურად მუშაობენ მაგისტრალის გაგრძელების საკითხზეც, რომელიც კახეთის მეოთხე და მეხუთე ლოტებს მოიცავს. აღნიშნულ პროექტებზე ტენდერი, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გამოცხადდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები