პორშე, რიმაც გრუპი, მატე რიმაცი, ბუგატი რიმაცი
Aa
Aa

მოგების 93%-ით ვარდნის ფონზე, Porsche-მ Bugatti Rimac-ის წილი სრულად გაყიდა

Porsche AG-მა Bugatti Rimac-ში თავისი წილის გაყიდვისა და ერთობლივი საწარმოს სრულად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გარიგების პირობებით, Porsche AG თავის 45%-იან წილს კონსორციუმზე გაასხვისებს, რომელსაც ნიუ-იორკში დაფუძნებული ვენჩურული ფირმა HOF Capital-ი ხელმძღვანელობს, ხოლო უმსხვილესი ინვესტორი BlueFive Capital-ია. შედეგად, პარტნიორობა, რომელიც 2021 წელს ხორვატიულ Rimac Group-თან ერთად დაიწყო, სუპერქარების ბრენდიდან Porsche AG-ის სრულად გამოსვლით სრულდება. ცნობისთვის, მაშინ წილები შემდეგნაირად გადანაწილდა: Rimac Group-ი — 55%, ხოლო Porsche — 45%.

Porsche AG-ის გადაწყვეტილება ავტოინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ხდება და, შესაძლოა, სწორედ არსებულ რთულ ვითარებას უკავშირდება. გაზრდილი ხარჯები, შენელებული ზრდა, ტარიფები და გეოპოლიტიკური არასტაბილურობა ავტომწარმოებლების მოგებაზე აისახება. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს, Porsche-ს ოპერაციული მოგება თითქმის 93%-ით დაეცა. მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ბაზარი კვლავ აქტიურია. Bain & Company-ის მონაცემებით, გასული წლის მესამე კვარტლისთვის ინდუსტრიაში გარიგებების ჯამურმა ღირებულებამ $35 მილიარდს გადააჭარბა, რაც სექტორში ინტერესის აღდგენაზე მიანიშნებს.

ასევე დაგაინტერესებთ: Bugatti-ის ტრაგიკული ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები

გარიგების პირობებით, Porsche არა მხოლოდ ერთობლივ საწარმოს, არამედ Rimac Group-საც დატოვებს და ჯგუფში მის კუთვნილებაში არსებულ 20.6%-იან წილსაც სრულად გაყიდის. ტრანზაქციის დასრულების შემდგომ, Bugatti Rimac-ზე სრულ ოპერაციულ კონტროლს Rimac Group-ი მიიღებს და ბრენდის მომავალ განვითარებაზე უკვე BlueFive-თან და HOF Capital-თან ითანამშრომლებს. უნდა აღინიშნოს, რომ HOF Capital-ის თანადამფუძნებელი ეგვიპტელი მილიარდერების, სავირისების ოჯახის წარმომადგენელია, ხოლო BlueFive-ს Investcorp-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ჰაზემ ბენ-გასემი მართავს.

გარიგებამ გავლენა საფონდო ბირჟებზეც იქონია. კერძოდ, ფრანკფურტში დალისტული Porsche-ს აქციების ღირებულება პარასკევს, სავაჭრო სესიის დაწყებისთანავე, 1.6%-ით დაეცა. მხარეებს შორის გარიგება ოფიციალურად დადასტურებულია, თუმცა კომპანიებს ხელშეკრულების ფინანსური ნაწილი, მათ შორის Porsche AG-ის მიერ გაყიდული აქციების ზუსტი ღირებულება, არ გაუსაჯაროებიათ.

„როგორც Rimac Group-ის ადრეულმა ინვესტორმა, Porsche-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა Rimac Technology-ს პირველი დონის ავტოტექნოლოგიურ კომპანიად ჩამოყალიბებაში. წილის გაყიდვით ჩვენ სრულად Porsche-ს ძირითად ბიზნესსაქმიანობაზე ვკონცენტრირდებით“, — განაცხადა Porsche AG-ის გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ ლაიტერსმა.

თავის მხრივ, Bugatti Rimac-ის გენერალურმა დირექტორმა, მატე რიმაცმა Porsche-სთან თანამშრომლობის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გერმანული ბრენდის მხარდაჭერამ ამ კომპანიას მყარი საფუძველი შეუქმნა, რაც მათ გრძელვადიანი ხედვების განხორციელებაშიც წაადგებათ. ცნობისთვის, Bloomberg-ის ინფორმაციით, რიმაცმა Porsche-ს წილის შესყიდვაზე ინტერესი გასულ წელსაც გამოხატა. Rimac-ის დამფუძნებელმა წინასწარი შეთავაზებაც გააკეთა ერთობლივი საწარმოს $1 მილიარდზე მაღალი შეფასებით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები