შეჯავშნული მანქანა, მერსედესი, მერსედეს ეს-კლასი, ჯავშანმანქანა, მერსედეს ეს680 გარდი
Aa
Aa

Mercedes S680 GUARD — S-კლასის ტყავში გადაცმული ტანკი განსაკუთრებული კლიენტებისთვის

თუ თქვენ მაღალი რანგის პოლიტიკოსი, სახელმწიფოს მეთაური ან უბრალოდ ისეთი ადამიანი ხართ, ვისაც ბევრი მტერი ჰყავს, Mercedes-მა სპეციალურად თქვენთვის S680 GUARD-ი გამოუშვა. ეს ელეგანტური ტანკია, რომელიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივ S-Class-ს ჰგავს, მაგრამ რეალურად გაუვალი ციხე-სიმაგრეა.

მოდელს VR10 სერთიფიკატი აქვს მინიჭებული, რაც სამოქალაქო პირებისთვის ხელმისაწვდომი მაქსიმალური დაცვაა. ეს ნიშნავს, რომ მას ვერაფერს აკლებს კალაშნიკოვის ავტომატის (AK47) ტყვიები, .44 Magnum-ი და ისეთი სნაიპერული შაშხანაც კი, როგორიც, მაგალითად Dragunov-ია ჯავშანგამტანი ტყვიებით.

ასევე იხილეთ: Mercedes-ის დაბადება, ისტორია რომელმაც შეცვალა სამყარო

ავტომობილის კორპუსის ქვეშ ფოლადის ჯავშანი და არამიდის ქსოვილებია დამალული. შუშები რამდენიმე სანტიმეტრის სისქისაა და ისეა დაპროექტებული, რომ ტყვიის მოხვედრისას დარტყმის ენერგიას თითქმის სრულად შთანთქავს.

ავტომობილის თითოეული კარი 250 კილოგრამს იწონის, თუმცა სპეციალური ამძრავების წყალობით ისინი ჩვეულებრივად იღება. თუ ვინმე თქვენს წინააღმდეგ გაზის გამოყენებას დააპირებს, S680-ს აქვს სუფთა ჰაერის საკუთარი მარაგი: სენსორები მომენტალურად კეტავენ ჰაერის შემშვებებს და სალონში მაღალ წნევას ქმნიან, რათა შიგნით არაფერმა შეაღწიოს.

ჭიქების ჩასადებში დიდი წითელი ღილაკია დამალული, რომელიც ავტომობილს მობილურ პანიკის ოთახად აქცევს — ირთვება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, სირენები და გარე დინამიკები გარესამყაროსთან კომუნიკაციისთვის.

4.4 ტონა და V12 ძრავა

4 400-კილოგრამიანი გიგანტის ადგილიდან დაძვრაზე 6-ლიტრიანი, ორტურბინიანი V12 ძრავაა პასუხისმგებელი, რომელიც 612 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მართალია, 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 8.3 წამი სჭირდება, მაგრამ ამ მანქანის მიზანი რბოლა კი არა, მგზავრის გადარჩენაა. Michelin PAX საბურავები კი საშუალებას გაძლევთ, დაცხრილული ბორბლებითაც კი 30 კილომეტრი გაიაროთ და უსაფრთხო ადგილას მიხვიდეთ.

S680-ის სერტიფიცირებისთვის სპეციალური, ადამიანის სხეულთან მიმსგავსებული მანეკენები გამოიყენეს — აფეთქებებისა და დაცხრილვის შემდეგ ექიმებმა ისინი შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ რეალური ადამიანები ამ ჯოჯოხეთიდან მხოლოდ სმენის მსუბუქი დაზიანებითა და შოკით გამოვიდოდნენ.

მიუხედავად ასეთი დაცვისა, სალონი მაინც ტიპური S-Class-ია — საუკეთესო ხე, ტყავი, მულტიმედია და მაცივარი შამპანურისთვის. ამ ავტომობილს ჩვეულებრივ დილერთან ვერ იყიდით — მერსედესი სრულ „ბექგრაუნდ ჩეკს“ ატარებს, რათა დარწმუნდეს, რომ ეს ჯავშანმანქანა მართლაც მას ხვდება, ვისაც სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები