ელექტრომობილები, ჰიუნდაი, სპორტქარი, ჰიუნდაი აიონიქ 6, ჰიუნდაი აიონიქ 6 ენი
Aa
Aa

უფრო Porsche, ვიდრე Hyundai — როგორია ახალი Hyundai Ioniq 6 N

Hyundai-მ თავისი ახალი მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილი, Ioniq 6 N წარადგინა, რომელსაც, ალბათ, რევოლუციურიც შეგვიძლია ვუწოდოთ. სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა დაამტკიცა, რომ ელექტრო ძრავა მართვის სიამოვნებაზე უარის თქმას სულაც არ ნიშნავს.


სიდნეის ავტოდრომზე Carscoops-ის მიერ ჩატარებულმა ტესტებმა გამოავლინა, რომ ეს ავტომობილი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სწრაფი სედანი. მისი მთავარი ხიბლი N e-Shift სისტემაშია, რომელიც პროგრამულად იდეალურად ბაძავს რვასიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფს. მძღოლი რეალურად გრძნობს ყოველ გადართვას და დამახასიათებელ ბიძგებს, რაც სრულად აქრობს ელექტრომობილებისთვის დამახასიათებელ ერთფეროვნებას. ამას N Active Sound+ სისტემაც ემატება, რომელიც ექვსი სხვადასხვა არხის მეშვეობით სპორტული ბენზინის ძრავის ავთენტურ ხმას გამოსცემს.

ტექნიკური თვალსაზრისით, Ioniq 6 N სუპერქარების ტერიტორიაზე იჭრება. მისი ორი ელექტრო ძრავა ჯამში 650 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, რაც ავტომობილს საშუალებას აძლევს 100 კმ/სთ სიჩქარე სულ რაღაც 3.2 წამში განავითაროს. თუმცა, ინჟინრების მთავარი მიზანი მხოლოდ სწორ ხაზზე აჩქარება არ ყოფილა. ავტომობილს საოცრად მოქნილი მართვის სისტემაა აქვს, რომლის მეშვეობითაც მძღოლს შეუძლია, სიმძლავრის განაწილება 11 სხვადასხვა რეჟიმით შეცვალოს — დაწყებული წინა წამყვანიდან, დამთავრებული თითქმის სუფთა უკანა წამყვანით, რაც მას ნამდვილ დრიფტქარად აქცევს.

აღსანიშნავია კორპუსის გაძლიერებული კონსტრუქცია და დაბალი სიმძიმის ცენტრიც, რომელიც Ioniq 6 N-ს ტრასაზე იმაზე მეტად სტაბილურს ხდის, ვიდრე მისი წინამორბედი Ioniq 5 N-ი გახლდათ.

ცხადია, მძღოლის კომფორტზეა ორიენტირებული მანქანის ინტერიერიც, სადაც Alcantara-ს სპორტული სავარძლები და სპეციალური N-საჭე შეგხვდებათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფიზიკური ღილაკების სიმრავლეც, რაც დღევანდელ ელექტრომობილებში იშვიათობაა და მართვისას კონცენტრაციას აადვილებს

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილი დაახლოებით 70 000 დოლარი ეღირება, ის თავისი შესაძლებლობებით ღირსეულ მეტოქეობას ბევრად ძვირადღირებულ კონკურენტებს, მაგალითად Porsche Taycan-საც კი უწევს (თუმცა, ცხადია, Porsche-ს სტილი და ელეგანტურობა მაინც სულ სხვაა). ეს არის მანქანა ენთუზიასტებისთვის, რომლებსაც სურთ თანამედროვე ტექნოლოგიები, მაგრამ არ თმობენ ტრადიციული სპორტული ავტომობილის ხასიათსა და ემოციას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები