ელექტრომობილები, სიაომი ესიუ7, შიაომი, სიაომი იუ7
Aa
Aa

Xiaomi-მ Porsche-ს, BMW-სა და Mercedes-ის ინჟინრები დაიქირავა | ჩინური ავტომწარმოებელი ევროპის დასაპყრობად ემზადება

ტარიფებისა და მაღალი საექსპორტო ხარჯების გათვალისწინებით, ჩინური საავტომობილო გიგანტები ევროპის ტერიტორიაზე საწარმოო პროცესის გადმოტანის მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. ამას ისინი რამდენიმე ხერხით — მათ შორის, რეგიონში საკუთარი საწარმოო ქარხნების აშენებითა და/ან ადგილობრივი კომპანიებისგან ობიექტების შესყიდვით — ცდილობენ. რა თქმა უნდა, ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი, Xiaomi, მათ შორისაა და, მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში მის ოფიციალურ დებიუტამდე ჯერ კიდევ წელიწადზე მეტია დარჩენილი, როგორც ჩანს, ის მაქსიმალური შედეგისთვის უკვე ემზადება.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

Xiaomi-ს კარგად ესმის, რომ ჩინეთის ბაზარზე წარმატებით დამკვიდრების მიუხედავად, ევროპული ბაზარი მისგან მკვეთრად განსხვავდება — მათ შორის, კონკურენციის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, Xiaomi-მ გაძლიერება უკვე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, Xiaomi-ს საავტომობილო განყოფილებამ მიუნხენში მდებარე თავისი კვლევისა და დიზაინის ცენტრისთვის სულ მცირე 50 ინჟინერი დაიქირავა, რომელთაც სხვა მსხვილ მარკებთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვთ. მათ შორის არიან დიზაინერები და ინჟინრები თითქმის ყველა სფეროდან: ძრავებისა და ძარის დაპროექტება, აწყობა, დიზაინის შექმნა თუ მომხმარებელთა გამოცდილება. წარსულში ეს პირები მუშაობდნენ ისეთი მოდელების შექმნაზე, როგორებიცაა: Porsche 911 GT3 RS, Mercedes S-Class-ი და AMG GT, BMW-ს მე-7 სერია, BMW i8 და თუნდაც სარბოლო BMW M4 GT3.

ეს გასაკვირი არ არის, რადგან Xiaomi-ს მთელი ეს გამოცდილება ჰაერივით სჭირდება. ის მოდელები, რომელთაც კომპანია ევროპის ბაზარზე გაუშვებს, ჩინური ვერსიებისგან მკვეთრად უნდა განსხვავდებოდნენ; სულ მცირე, ისინი განსხვავებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ — როგორც ჰომოლოგაციის, ასევე დინამიური თვისებების თვალსაზრისით, რაც ევროპელი მძღოლებისთვის პრიორიტეტულია.

2027 წელი მართლაც გადამწყვეტი იქნება — თარიღი, როდესაც ევროპის ბაზარზე იმ მოდელების დებიუტი იგეგმება, რომლებიც ჩინეთში უკვე წარმატებით იყიდება. ერთ-ერთი SU7 სედანია, მეორე კი — YU7 SUV, რომლის GT ვერსიაც 1 000 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები