რატომ უყვარს ყველა ნამდვილ ავტომოყვარულს Toyota Land Cruiser?
როდესაც ტოიოტამ ლეგენდარული Toyota Land Cruiser-ის შექმნა განიზრახა, კომპანიაში ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ სახელის გაგონება ათწლეულების შემდეგ ყველა ავტომოყვარულში პატივისცემის გრძნობას აღძრავდა. რვა თაობისა და 10 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარის შემდეგ, იაპონური ავტომწარმოებლის მოდელი ხარისხის, საიმედოობისა და ყოვლისშემძლეობის ეტალონია.
ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?
ავტოენთუზიასტებისა და კოლექციონერების წრეებში განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობს სამი კლასიკური, ანალოგური თაობა — FZJ80, J100 და J200. სწორედ ეს მოდელები უძღოდა წინ ამჟამინდელ, უფრო კომპაქტურ J250 სერიას და ყოველმა მათგანმა დახვეწა ფორმულა, რომელმაც Land Cruiser-ს სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა.
ლეგენდარული გამძლეობა
პირველივე მოდელიდან მოყოლებული, ამ ხაზის ფილოსოფიას სამი რამ განსაზღვრავდა — საიმედოობა, გამძლეობა და ექსტრემალურ რელიეფზე მართვის სიმარტივე. ეს არ არის უბრალო ყველგანმავალი შაბათ-კვირის გასეირნებისთვის, ის საიმედო ინსტრუმენტია ექსტრემალური გადარჩენისთვის — თანაბარი წარმატებით უმკლავდება უდაბნოს ორმოცდაათგრადუსიან სიცხეს (იხილეთ ვიდეო...), ტროპიკულ ჯუნგლებს, მყინვარებსა და სავაჭრო ცენტრის პარკინგებს...

ამერიკულ ბაზარზე J80, J100 და J200 თაობებმა ბრენდი პრემიუმ სეგმენტშიც „გადაქაჩეს“. თუმცა, მიუხედავად მდიდრული ამბიციებისა, ლენდ კრუიზერს არასოდეს დაუკარგავს პირვანდელი დანიშნულება, რადგან ტოიოტა ყოველი ახალი თაობის შექმნისას ქრაშ-ტესტებსა და მფლობელების გამოხმაურებებს დიდ ყურადღებას უთმობდა.
- FJ80 / FZJ80 თაობამ შემოიღო მუდმივი სრული ამძრაობა და სამმაგი ბლოკირების დიფერენციალები, რომლებიც მუშაობდნენ უკვდავ, ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავასთან ერთად. ეს იყო ბოლო ლენდ კრუიზერი აშშ-ში, რომელსაც ხისტი წინა და უკანა ხიდები ჰქონდა, თუმცა ზამბარებისა და სტაბილიზატორების წყალობით ის როგორც გზაზე, ისე უგზოობაში საკმაოდ კომფორტული გამოდგა.
- J100 თაობამ უარი თქვა ექვსცილინდრიან ერთრიგა ძრავაზე და V8-ის სიმძლავრეზე გადავიდა. გაუმჯობესდა ასფალტზე მართვის დინამიკა, თუმცა ჩარჩოიანი ძარა და დაბალი დიაპაზონის სარიგებელი კოლოფი შენარჩუნა. აქ პირველად ვიხილეთ ჰიდრავლიკური, სიმაღლეში რეგულირებადი და ადაპტური დაკიდების სისტემა.
- J200 მოდელმა წინამორბედების ყველა პლუსი გააერთიანა და სრულყოფილებამდე მიიყვანა. ხიდების სიმბიოზი იდეალური გახდა კინეტიკური სტაბილიზაციის სისტემის წყალობით. ასევე, ახალმა V8 ძრავამ, Crawl Control-მა, აღმართზე ასვლის ასისტენტმა და Multi-Terrain Select რეჟიმებმა ავტომობილი ყველანაირ ეკოსისტემას მოარგო.

თავშეკავებული ფუფუნება
ავტომობილი თანდათან პრემიუმ კლასში გადავიდა, თუმცა სალონში მერსედესის ან კადილაკის გლამურს ვერასდროს შეხვდებოდით. ხარისხიანი ტყავი და მრავალფეროვანი არჩევანი მიგანიშნებდათ, რომ ძვირადღირებულ მანქანაში იჯექით, თუმცა Toyota-სთვის დამახასიათებელი პლასტმასის დეტალები და ღილაკები მუდამ შეგახსენებდათ, რომ ეს მოდელი გამძლეობისთვის იყიდეთ და არა მხოლოდ კომფორტისთვის.

J80 თავისი ეპოქისთვის საოცრად დახვეწილი იყო — ტყავის სალონი, ელექტრო შუშები, დისტანციური საკეტი და კლიმატკონტროლი 90-იან წლებში ნამდვილ ფუფუნებად ითვლებოდა. J100-მა ეს ბაზა ხის დეკორაციებით, უფრო რბილი ტყავითა და მულტიზონური კლიმატკონტროლით გაამდიდრა. ის ისეთი კონკურენტების ფონზე, როგორიცაა Cadillac Escalade ან Mercedes ML, ბევრად უფრო მყარი და მარტივი საინჟინრო კონსტრუქციით გამოირჩეოდა, რაც მყიდველებს ხიბლავდა. J200 კი უკვე თანამედროვე მდიდრულ კლასში შეიჭრა ოთხზონიანი კლიმატით, სავარძლების ვენტილაციით, Start/Stop სისტემითა და უკანა მგზავრების მონიტორებით.

ყველა ამ თაობის მთავარი ხიბლი იყო ის, რომ ისინი არასოდეს ყვიროდნენ საკუთარ ფასზე. ეს იყო მშვიდი, თავდაჯერებული, ზომიერად მდიდრული მანქანები, რომელთა კარებიც ბანკის სეიფივით იხურებოდა, ხოლო სალონში ხმაურის დონე მინიმუმამდე იყო დაყვანილი.
ძველი სკოლის პერფორმანსი და ფასები მეორად ბაზარზე
თუ ძრავებზე ვისაუბრებთ, ძველ J80 მოდელებში 1993 წლამდე არსებული 3F-E აგრეგატი საკმაოდ სუსტი იყო თითქმის 3-ტონიანი მანქანისთვის, თუმცა მოგვიანებით გამოჩენილმა 1FZ-FE ძრავამ სიტუაცია გამოასწორა. J100-ის ლეგენდარულმა UZ სერიის V8-მ, ხოლო მოგვიანებით J200-ის მძლავრმა 3UR V8 აგრეგატმა, ავტომობილს ის ძალა და ავტორიტეტი მისცა, რაც მას სჭირდებოდა — მათი წყალობით J200-ს უკვე 3.5 ტონაზე მეტი ტვირთის ბუქსირება შეეძლო.

დღეს მეორად ბაზარზე ამ მანქანების ფასები სტაბილურად მაღალია და მათში ფულის დაბანდება კარგ ინვესტიციად ითვლება — FJ80-ის საშუალო ფასი ბაზარზე სტაბილურად იზრდება და 15 000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. FZJ80-ისა და J100-ის ფასები, საშუალოდ, 23 500-დან 24 000 დოლარამდეა, ხოლო J200 სრულიად სხვა ლიგაშია — პანდემიის შემდგომი გადაჭარბებული ფასების დასტაბილურების შემდეგ, დღეს იდეალურ მდგომარეობაში მყოფი J200 80 000 დოლარამდე ღირს, რაც ხშირად მის პირვანდელ ქარხნულ ფასზე მეტიცაა.
რატომ ვერ გახდება ახალი მოდელი საკოლექციო?
ძველ თაობებზე მოთხოვნის ახალი ტალღა პირდაპირ უკავშირდება ახალი J250 (Land Cruiser Prado) მოდელის ბაზარზე გამოჩენას. საქმე ისაა, რომ ახალი მოდელი ერთი კლასით დაბლა ჩამოვიდა, ზომით შემცირდა და პლატფორმით Toyota 4Runner-ს გაუთანაბრდა.
ტრადიციული ფანებისთვის კი ყველაზე მიუღებელი ახალი 4-ცილინდრიანი ტურბო ძრავა აღმოჩნდა. ბევრს ურჩევნია იგივე პლატფორმაზე აშენებული ახალი Lexus GX იყიდოს, რომელშიც V6 ძრავი დგას, თუმცა ამისთვის დამატებით 10 000 დოლარის გადახდაა საჭირო. V8 ძრავის ეპოქის დასრულებამ ავტოენთუზიასტები აიძულა, მზერა კვლავ მეორადი ბაზრისკენ მიეპყროთ, სადაც ძველი, ხავერდოვანი ხმის მქონე და გაუცვეთელი ატმოსფერული ძრავები ეგულებათ.

ასევე იხილეთ: 5 მიზეზი, რატომაც შეიძლება ახალი Lexus GX-ის შეძენა Land Cruiser-ის შეძენაზე მომგებიანი იყოს
როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო ტოიოტას მხრიდან ახალ თაობაში (J250) ლეგენდარული V8 და 6-ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავების სრული ჩანაცვლება 4-ცილინდრიანი ტურბო აგრეგატით და თქვენი აზრით, ჩვენს რეალობაში, სადაც საიმედოობა და გამძლეობა პრიორიტეტია, გაამართლებს თუ არა ახალი ტექნოლოგია თავს ისე, როგორც ამას ეს კლასიკური მოდელები აკეთებდნენ ათწლეულების განმავლობაში?