ევროკავშირი, ჩინეთი, ნისანი, დამზადებულია ევროკავშირში, შეიძინეთ ევროპული
Aa
Aa

„დამზადებულია ევროპაში“ მალე შესაძლოა იაპონიასა და სამხ. კორეაში აწყობილს ნიშნავდეს

ახალი ჩინური საავტომობილო მარკებისგან შიდა წარმოების დაცვის მიზნით, ევროპის კავშირი გეგმავს, გაერთიანებულ სამეფოში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში წარმოებული ავტომობილები ბლოკის მიერ შემუშავებულ „შეიძინეთ ევროპული“ წესებში მოაქციოს. ეს საკმაოდ მკვეთრი ცვლილებაა და, ანალიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა ევროპის მხრიდან ირიბ აღიარებადაც ჩაითვალოს იმისა, რომ გარე დახმარების გარეშე ორგანიზაციას ჩინეთთან გამკლავება არ შეუძლია.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

„შეიძინეთ ევროპული“ ინიციატივა, რომელიც „დამზადებულია ევროპის კავშირში“-ს სახელითაა ცნობილი, თავდაპირველად უშუალოდ ბლოკის წევრ ქვეყნებში აწყობილ ავტომობილებზე ითვალისწინებდა სახელმწიფო სუბსიდიებისა და შეღავათების გაცემას. თუმცა ახლა დებულება შესაძლოა გაფართოვდეს და წესდებას ტერმინი — „სანდო პარტნიორები“ დაემატოს. მათ შორის კი განიხილება როგორც გაერთიანებული სამეფო (რომელიც ბლოკს 2020 წელს გამოეყო), ასევე იაპონია და სამხრეთი კორეა.

ვრცლად: „დამზადებულია ევროპაში“ | სავაჭრო ნიშნის გამო ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება

„დამზადებულია ევროპის კავშირში“-ს ჩარჩო უმეტესად კომპანიების ავტომობილებსა და კორპორაციულ ავტოპარკზეა ორიენტირებული. ეს კი ლოგიკურია, როდესაც რეგიონში ახლად რეგისტრირებული ავტომობილების დაახლოებით 60% ბიზნესებზე მოდის. ამ პროგრამის თანახმად, საგადასახადო შეღავათებსაც შესაბამისი ავტომობილები მიიღებენ.

პოტენციური ცვლილება კარგი ამბავი შეიძლება იყოს გაერთიანებული სამეფოსთვის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის ავტომწარმოებლებისთვის, რადგან ისინიც, თავის მხრივ, ჩინეთიდან გაზრდილ კონკურენციას ებრძვიან. ამ ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში შესაძლოა გეგმები შეცვალოს Nissan-მაც, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაერთიანებულ სამეფოში, სანდერლენდში მდებარე ქარხნის შესაძლო დახურვაზე გააფრთხილა. მიზეზად სწორედ „შეიძინეთ ევროპული“ პროგრამა დაასახელა.

გერმანული გამოცემა Handelsblatt-ის ცნობით, ოთხ რეგიონს შორის არსებული ინტეგრირებული მომწოდებელთა ქსელების შენარჩუნებაზე ევროპის კავშირის ხელმძღვანელობა თავად მსხვილმა ავტომწარმოებლებმაც დაარწმუნეს. „დამზადებულია ევროპის კავშირში“ ინიციატივა კი, ბუნებრივია, ევროპულ ბრენდებსაც თავის ტკივილს უჩენდა, განსაკუთრებით მათ, ვინც საზღვარგარეთულ მომწოდებლებზე არიან დამოკიდებულნი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები