BYD-ის უნგრეთის ქარხანაში კიდევ ერთი მუშა დაიღუპა
ჩინური ავტოკომპანია BYD-ის უნგრეთის ქალაქ სედეგში მდებარე ელექტრომობილების საწარმოო ქარხანაში კიდევ ერთი ფატალური ინციდენტი დაფიქსირდა. გამოცემა CNBC-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, BYD-ის ქარხანაში დასაქმებული მუშა სამშენებლო მოედანზე დაიღუპა.
აღნიშნულ ობიექტზე ეს უკვე რიგით მეორე ფატალური შემთხვევაა. პირველი მიმდინარე წლის თებერვალში მოხდა, რომელსაც ასევე ქარხნის მუშა ემსხვერპლა.

ინციდენტამდე სულ რაღაც რამდენიმე კვირით ადრე, BYD-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სტელა ლიმ კატეგორიულად უარყო ბრალდებები კომპანიის საწარმოო ობიექტზე მუშათა უფლებების დარღვევის შესახებ და განაცხადა, რომ BYD შრომის ინსპექციის სამსახურის შემოწმებისთვისაც ღია იყო. თუმცა, ბოლო ტრაგიკულ შემთხვევაზე შენჭენში ბაზირებულ კომპანიას კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?
როგორც უნგრეთის სასწრაფო დახმარების ეროვნულმა სამსახურმა CNBC-ს განუცხადა, ქარხანაში დასაქმებული პირი 18 ივნისს გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სასწრაფო ბრიგადა, მათ შორის სამაშველო ვერტმფრენიც კი, იყო მობილიზებული. თუმცა პარამედიკოსების მიერ ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მუშას სამშენებლო მოედანზე სატვირთო ავტომობილი დაეჯახა. სამართალდამცავები მომხდარს იძიებენ. მომხდარის გამო ობიექტზე საწარმოო პროცესში მონაწილე სამშენებლო კომპანიებს სანქციები დაეკისრათ: AIM Construction Hungary Ltd-ს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 110 000 დოლარის გადახდა მოუწევს, LÉVAI-SECURITY Ltd მუშების არალეგალურად დასაქმების გამო დაჯარიმდა, ხოლო Plusz Kéz Ltd-მა შრომითი ზედამხედველობის დარღვევებისთვის გაფრთხილება მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრეფიკინგი და მონური შრომა — BYD-ს ბრაზილიაში უჩივიან
მომხდარი კიდევ უფრო ამძიმებს BYD-ის გარშემო არსებულ სკანდალს. მანამდე უფლებადამცველმა ორგანიზაციამ China Labor Watch-მა ჩინეთის ავტოგიგანტზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც კომპანიას სწორედ სედეგის ობიექტზე იძულებით შრომაში, 7-დღიანი სამუშაო გრაფიკის ქონასა და ხელფასების დაკავებაში ადანაშაულებდა. BYD-ის ხელმძღვანელობა ბრალდებებს უარყოფს.
რაც შეეხება უშუალოდ უნგრეთის ობიექტს, ქარხანაში საწარმოო დანადგარების მონტაჟი უკვე დაწყებულია. არსებული გეგმით, სრული დატვირთვით მუშაობას ქარხანა 2026 წლის მესამე კვარტალში დაიწყებს.