„ზამთარში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება - თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 1.5 საათი დასჭირდება“
„ზამთარში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება“ - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ. როგორც უწყებაში აცხადებენ, მნიშვნელოვნად შემცირდება თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობის დროც.
დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ ალექსანდრე ზაგაშვილთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ქვეშეთი-კობის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზისა და გვირაბების მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
ინფორმაციის თანახმად, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.
„პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მოწყობა. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს. სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ხიდებზეც. ხუთიდან ერთი ხიდი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით არის აგებული, რაც საქართველოში პირველად გამოიყენეს“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ასევე ცნობილი ხდება, რომ პროექტის ფარგლებში შენდება 166-მეტრიანი თაღოვანი ხიდი. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობაც.
„პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაადგილების უსაფრთხოება. ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება ზვავსაშიშროების გამო, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდება მგზავრობის დროც - ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილებას დაახლოებით 15 წუთი, თბილისიდან გუდაურამდე კი დაახლოებით საათ-ნახევარი დასჭირდება“, - წერია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ქვეშეთი-კობის პროექტი აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტი სრულად 2028 წელს დასრულდება, იმავე წელს იგეგმება მოძრაობის გახსნაც.