რობოტაქსი, ვეიმო, ავარიების სტატისტიკა, ვეიმო რობოტაქსი
Aa
Aa

Waymo-ს თვითმართვადი ავტომობილები ადამიანებზე ნაკლებ ავარიაში ხვდებიან | ახალი კვლევა

Waymo-ს თვითმართვადი ავტომობილები, შესაძლოა, ადამიან მძღოლების მართულ ავტომობილებზე უსაფრთხო იყოს. Insurance Institute for Highway Safety-მ (IIHS) ახალი კვლევის ფარგლებში Waymo-ს რობოტაქსების მუშაობა 50 მილიონ კილომეტრზე შეისწავლა. ანალიტიკურმა ფირმამ 2021-2024 წლებში Waymo-ს ავტომობილების გადაადგილების მონაცემები ოთხ ქალაქში — სან-ფრანცისკოში, ლოს-ანჯელესში, ფენიქსსა და ოსტინში — შეისწავლა, შემდეგ კი მიღებული მონაცემები იმავე ქალაქებში ადამიანი მძღოლების სტატისტიკას შეადარა.

ასევე იხილეთ: 8 პრობლემა ელექტრომობილის ფლობისას, რომელზეც არავინ საუბრობს

IIHS-ის კვლევის შედეგებით, Waymo-ს ავტომობილები ადამიან მძღოლებთან შედარებით საშუალოდ 68%-ით ნაკლებ ავარიაში ხვდებოდნენ. ასევე, დაახლოებით 85%-ით ნაკლები ავარიის შემთხვევა დაფიქსირდა მხოლოდ ერთი მანქანის მონაწილეობით მომხდარ ინციდენტებში — მაგალითად, შეჯახება შენობაზე, მოაჯირზე ან გზიდან გადასვლა. ხოლო შემთხვევათა რაოდენობა, რომელსაც დაშავებულები ჰყავდა, 81%-ით ნაკლები იყო.

თუმცა, შედეგები ქალაქების მიხედვით განსხვავდებოდა. ლოს-ანჯელესში Waymo-ს ავტომობილებს ადამიან მძღოლებთან შედარებით 71%-ით ნაკლები ავარია ჰქონდათ, ფენიქსში — 76%-ით ნაკლები, ხოლო სან-ფრანცისკოში ეს სხვაობა მხოლოდ 35%-ით განისაზღვრა. აქვე უფრო საინტერესო ის ფაქტია, რომ ოსტინში მაჩვენებელი, პირიქით, 4%-ით მეტი აღმოჩნდა. თუმცა ეს შედეგი, კვლევის ავტორების თქმით, მონაცემების სიმცირით შეიძლება აიხსნას.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ, მაგალითად, 31 ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც Waymo-ს რობოტაქსიში მგზავრი არ იმყოფებოდა, ხოლო 25 შემთხვევაში მხოლოდ ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

IIHS განმარტავს, რომ Waymo-ს ავტომობილებისა და ადამიანების მიერ მართული მანქანების ავარიების ზუსტი შედარება კომპლექსური ამოცანაა, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების მონაწილეობით მომხდარი ავარიების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიციაში საერთოდ არ რეგისტრირდება. ანალიტიკური ფირმის თანახმად, მათი თითქმის მესამედი ნაწილი, მათ შორის, ინციდენტის შედეგად დაშავებულთა შესახებ, ოფიციალურ ანგარიშებში არ ხვდება. ანგარიშის მთავარმა მკვლევარმა, ერიკ ტეომ, ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი მონაცემთა შეგროვების სისტემა ჯერ საკმარისი არაა იმისთვის, რომ Waymo-ს მსგავსი ტექნოლოგიის ფართომასშტაბიანი გაფართოებისთვის მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი უზრუნველყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები