ჰიბრიდი, ტოიოტა, ტოიოტა პრიუსი, ჰიროში ოკუდა
Aa
Aa

გარდაიცვალა ჰიროში ოკუდა — კაცი, რომელმაც Toyota ჰიბრიდულ სეგმენტში გაამეფა

გარდაიცვალა ჰიროში ოკუდა, რომელიც Toyota-ს 1955 წელს, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 22 წლის ასაკში შეუერთდა და შემდგომში კომპანიას აშშ-სა და გლობალურ ბაზრებზე უპრეცედენტო ზრდის პერიოდში უძღვებოდა. ავტომწარმოებლის განცხადებით, იგი 93 წლის ასაკში, 8 აგვისტოს გარდაიცვალა. მისი გავლენა როგორც Toyota-ზე, ისე მთელ საავტომობილო ინდუსტრიაზე უდიდესია.

ასევე იხილეთ: 10 საუკეთესო „ჰიბრიდი“, რომელსაც 15 000$-მდე შეიძენთ

ოკუდა Toyota-ს პრეზიდენტი 1995 წელს გახდა — იმავე წელს, როდესაც ოქტომბერში, ტოკიოს ავტოსალონზე, Prius-ის დაბალი ემისიის მქონე ბენზინ-ელექტრო ჰიბრიდული პროტოტიპის დებიუტი შედგა. პირველი სერიული Prius-ი იაპონიაში ორი წლის შემდეგ გამოვიდა, ხოლო აშშ-ის ბაზარზე 2000 წელს გამოჩნდა. ის არ ყოფილა პირველი ჰიბრიდი ამერიკაში — Honda Insight-მა კონკურენტს შვიდი თვით დაასწრო.

ამას ხელი არ შეუშლია, რადგან ტოიოტას ჰიბრიდი აშშ-ში Insight-ს გაყიდვებით მაინც ყოველთვის უსწრებდა. ამ კომპაქტურმა, ოთხკარიანმა ჰიბრიდმა საფუძველი ჩაუყარა სეგმენტს, რომელშიც Toyota დღემდე დომინირებს — არა მხოლოდ მცირე ავტომობილებსა და სედანებში, არამედ ქროსოვერებში, SUV-ებში, მდიდრულ კლასში, სპორტულ მოდელებში, მინივენებსა თუ პიკაპებში.

1999 წელს პრეზიდენტის პოსტის დატოვების შემდეგ, ოკუდამ მუშაობა დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ განაგრძო 2006 წლამდე, რის შემდეგაც 2009 წლამდე უფროსი მრჩევლისა და საბჭოს წევრის პოზიციას იკავებდა. მისი მმართველობის პერიოდში (1995-დან 2006 წლამდე), Toyota-მ მნიშვნელოვნად გააფართოვა საქმიანობა საზღვარგარეთ, ხოლო გლობალური გაყიდვები 4.6 მილიონი ერთეულიდან 7.92 მილიონამდე გაიზარდა.

კომპანიის სათავეში ოკუდას ყოფნის 11 წლის განმავლობაში, Toyota-მ თავისი პოზიციები ჩინეთში, ინდოეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, მექსიკასა და რუსეთშიც გააძლიერა.

ოკუდას დაკრძალვის ცერემონია დახურული იქნება. იაპონური ავტომწარმოებლის ცნობით, გამოსამშვიდობებელი ღონისძიება მოგვიანებით მოეწყობა.

მსგავსი სიახლეები