„საიქიოდან დაბრუნებულ“ ქალს პარკინგის ჯარიმა დახვდა | რა მოიმოქმედა კომპანიამ?
ალბათ იშვიათი წარმოსადგენია ის, რომ ჯერ საიქიოდან დაბრუნდეთ და შემდეგ ის ფაქტიც, რომ საიქიოდან დაბრუნებულს პარკირების ჯარიმა დაგხვდეთ — დაშვებულზე მეტხანს პარკინგზე მანქანის დატოვების გამო. თუმცა ეს შემთხვევა რეალურად მოხდა ახალ ზელანდიის ერთ-ერთ ქალაქში, როდესაც პარკირების კომპანიამ ქალს ჯარიმა მაშინ გამოუწერა, როდესაც ის საავადმყოფოში იმყოფებოდა. და თან, გულის გაჩერების გამო დროებით გარდაცვლილადაც კი ითვლებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: მძღოლთან ერთად მგზავრსაც იჭერენ? - 10 უცნაური საავტომობილო კანონი
54 წლის ქალი ივლისში, სუპერმარკეტის პარკინგზე დაჯარიმებული ავტომობილის მფლობელი, მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გული გაუჩერდა. როგორც ცნობილია, შემთხვევის დროს მას უცნობი პირი დაეხმარა, რომელმაც გულმკერდის კომპრესიები ჩაუტარა მანამ, სანამ პულსი არ აღუდგა და ადგილზე სასწრაფო დახმარება არ მივიდა. მედიკოსებმა ქალის ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ მანამ, სანამ პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა, ის „ტექნიკურად გარდაცვლილად მიიჩნეოდა“.
ქალი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც მისი ავტომობილი სუპერმარკეტის პარკინგზე დარჩა. მანქანა იქ 5 საათისა და 41 წუთის განმავლობაში იდგა, მაშინ, როდესაც პარკინგზე გაჩერებისთვის მაქსიმალური ვადა 90 წუთი იყო.

ამის გამო პარკირების ოპერატორმა კომპანიამ, Smart Compliance Management-მა, ქალს საჯარიმო ქვითარი, დაახლოებით 50 აშშ დოლარი, გამოუწერა. ქალმა ჯარიმა გაასაჩივრა და კომპანიას საკუთარი მდგომარეობა განუმარტა, თუმცა ერთადერთი დათმობა, რაც მეორე მხარისგან მიიღო, ჯარიმის შემცირება გახლდათ.
„მომხმარებლებს პარკირებისთვის 90 წუთი აქვთ განკუთვნილი. თქვენი ავტომობილი სადგომზე 341 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული“, — ნათქვამი იყო კომპანიის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ წერილში. კომპანიამ ასევე განმარტა, რომ საქმის გარემოებების განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება ძალაში დარჩებოდა, თუმცა განსაკუთრებული ვითარების გამო თანხა $30-მდე, ე.წ. ადმინისტრაციულ გადასახადამდე, შეამცირა.
ქალმა ჯარიმა გადაიხადა, თუმცა მოგვიანებით თანხა მას უკან სუპერმარკეტმა დაუბრუნა. ინციდენტის შემდეგ Smart Compliance Management-მა ქალს მოუბოდიშა და განაცხადა, რომ მომხდარის შემდეგ გამოწვეული დამატებითი სტრესი სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული. მათივე თქმით, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რათა მსგავსი ინციდენტის განმეორების შემთხვევაში რეაგირება ბევრად თანმიმდევრული იყოს.