Porsche ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების ფასებს გაზრდის | ნაკლები მანქანა, მეტი მოგება
Porsche მიმდინარე ათწლეულის ბოლოსთვის თავისი ისედაც ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების საშუალო ფასს დაახლოებით 20%-ით გაზრდის. გერმანული ავტომწარმოებელი Ferrari-ს სტრატეგიას მიმართავს და ცდილობს, უფრო ექსკლუზიური და ძვირად ღირებული მოდელებით კომპანიის მოგებიანობა გაზარდოს.
ასევე დაგაინტერესებთ: Porsche-ს შემაშფოთებელი ისტორია და აქამდე უცნობი ფაქტები
Porsche-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ლაიტერსმა, კომპანიის მრავალწლიანი გეგმა ინვესტორებისთვის განკუთვნილ ღონისძიებაზე წარადგინა. გეგმის მიზანია, Porsche-მ ნაკლები ავტომობილის გაყიდვით უფრო მეტი შემოსავალი მიიღოს. შესაბამისად, აქცენტი უფრო მაღალ ფასზე და მაღალი მარჟის მქონე მოდელებზე გააკეთოს.
„გვსურს, Porsche-ს პოზიციონირება და ექსკლუზიურობა დავიცვათ. ამ ბრენდს დიდი ძალა აქვს“, — განაცხადა ლაიტერსმა, რომელიც გერმანულ კომპანიას მიმდინარე წლის იანვრიდან ხელმძღვანელობს. ცნობისთვის, Porsche-მდე ის McLaren-ის სათავეში იყო.

გამოდის, რომ კომპანიის ყველაზე მაღალი კლასის მოდელების საშუალო ფასი 2030 წლისთვის €270 000-დან €330 000-ზე მეტამდე გაიზრდება. ამასთან, კომპანიის გაყიდვებში ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილების წილი დაახლოებით მესამედიდან 45%-მდე გაიზრდება.
Porsche-ს სურს, რომ მისთვის საკმარისი მოგება ახალ წელიწადში 200 000-ზე ნაკლები ავტომობილის გაყიდვითაც მიიღოს. ცნობისთვის, 2023 წელს ავტომწარმოებელმა მომხმარებელს 320 000-მდე ავტომობილი მიაწოდა, მისი საოპერაციო მარჟა კი 18% იყო.

შედარებისთვის, Ferrari-ს საოპერაციო მოგების მარჟა დაახლოებით 30%-ს შეადგენს, რაც ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ახლა Porsche 2030 წლისთვის საოპერაციო მოგების 10-15%-იან მარჟას ვარაუდობს. 2035 წლისთვის კი 15%-იან საოპერაციო მოგების მარჟაზე გასვლას გეგმავს.