მაკლარენი, მერსედეს ბენცი, მერსედეს ბენცი ცეელკა ჯითიარი, მაკლარენი 750 ესი
Aa
Aa

როგორ აქციეს თანამედროვე McLaren 750S 1990-იანი წლების სარბოლო ლეგენდად? | SEMA-ს უჩვეულო პროექტი

ლას-ვეგასში 2026 წლის SEMA-ს გამოფენაზე ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო ავტომობილი წარადგინეს. ამერიკულმა კომპანიამ, S Klub LA-მ, თანამედროვე McLaren 750S-ის ბაზად აიღო და ის ვიზუალურად 1990-იანი წლების ლეგენდარულ Mercedes-Benz CLK GTR-ს დაამსგავსა. პროექტს ირონიული სახელწოდებაც შეურჩიეს და Game Over-ი უწოდეს.

ასევე იხილეთ: როგორ შექმნა Mercedes-მა თვითმფრინავი - Mercedes-Benz CLR

ავტომობილი SEMA-ს გამოფენის ერთ-ერთ ყველაზე თვალშისაცემ სივრცეში, Toyo Tires Treadpass-ზე იყო წარმოდგენილი. გადაკეთებისას McLaren-ის ტექნიკური ნაწილი უცვლელი დატოვეს, თუმცა ძარის თითქმის ყველა გარე დეტალი შეიცვალა. შედეგად, თანამედროვე მოდელს იერსახე სრულად შეუცვალეს და ის 1997 წლის FIA GT ჩემპიონატის გამარჯვებულ სარბოლო მოდელს დაამსგავსეს.

დიზაინში განსაკუთრებული ყურადღება გაფართოებულ თაღებს, კაპოტზე დატანილ ჰაერის შემშვებებს, დაბალ და განიერ წინა ნაწილსა და უკანა სპოილერს დაეთმო. შედეგად, ავტომობილის სილუეტი მაქსიმალურად იმეორებს იმ ორიგინალი CLK GTR-ის ფორმებს, რომელიც სამი ათწლეულის წინ შეიქმნა.

ორიგინალი Mercedes-Benz CLK GTR-ი Mercedes-AMG-მ 1997 წელს FIA-ს GT-ჩემპიონატში მონაწილეობისთვის შექმნა. პროექტის მნიშვნელობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კომპანიის ინფორმაციით, ორი პროტოტიპის დამზადებას მხოლოდ 128 დღე დასჭირდა. ავტომობილი თავიდანვე გამარჯვებისთვის იყო დაპროექტებული და სასურველ შედეგსაც მიაღწია:

CLK GTR-მა სადებიუტო სეზონშივე მოიპოვა გამარჯვება, ხოლო მისმა პილოტმა, ბერნდ შნაიდერმა, მრბოლელთა ტიტულიც მოიპოვა. ავტომობილმა მონაწილეობა 1998 წლის ჩემპიონატშიც მიიღო, რის შემდეგაც გერმანულმა ავტომწარმოებელმა პროგრამა CLK LM-ს გადააბარა.

S Klub LA-ს პროექტი CLK GTR-ის დიზაინს თითქმის სრული სიზუსტით იმეორებს. პროექტი იმდენად დეტალური ნამუშევარია, რომ მსგავსება სახურავის ხაზსა და უკანა სპოილერშიც შესამჩნევია. მიუხედავად ამისა, ავტომობილებს საერთო სტრუქტურული დეტალიც არ აქვთ.

რადიკალურად შეცვლილი ექსტერიერის მიუხედავად, ინჟინრებმა Game Over-ის საფუძველი უცვლელად დატოვეს და ის კვლავ სტანდარტული McLaren 750S-ია. ავტომობილს ბრიტანული მწარმოებლის სტანდარტული 4-ლიტრიანი ტვინტურბო V8 ძრავა აქვს, რომელიც 740 ცხენის ძალასა და 800 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ძალა უკანა ბორბლებს 7-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფით გადაეცემა.

McLaren-ის ოფიციალური მონაცემებით, სტანდარტული 750S კუპე 0-დან 100 კმ/სთ-მდე 2.7 წამში აჩქარდება. გადაკეთებული ავტომობილისთვის კი 100-მდე აჩქარების დროდ 2.8 წამია მითითებული. მაქსიმალური სიჩქარე 332 კმ/სთ-ს აღწევს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ქარხნულად ორიგინალ CLK GTR-ს რადიკალურად განსხვავებული სტრუქტურაც ჰქონდა. ეს მოდელი შუაში განთავსებული V12-ით იყო აღჭურვილი. შესაბამისად, Game Over მხოლოდ გარეგნულად იმეორებს გერმანულ ლეგენდას, ტექნიკურად კი თანამედროვე ბრიტანულ სუპერქარად რჩება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები