YouTuber-მა Mazda Miata 13-როტორიანი ძრავის თვითმავალ სადგამად გადააქცია
ავტოინდუსტრიაში უცნაური პროექტები უკვე აღარავის უკვირს. თუმცა „იუთუბერმა“ რობ დაჰმა SEMA 2026-ზე მაინც შეძლო წარედგინა პროექტი, რომელიც საბოლოოდ, ღონისძიების ერთ-ერთ ექსტრავაგანტულ ექსპონატადაც იქცა. მან Mazda Miata-ში უზარმაზარი 12-როტორიანი ძრავა ჩადგა.
პროექტი Haltech-ის საგამოფენო სივრცეში იყო წარმოდგენილი. ავტომობილს ჯამში 13 როტორი და ოთხი ტურბო აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ Miata ერთი 13-როტორიანი ძრავის გამოყენებით მუშაობს. რეალურად, ავტომობილის მუშაობისთვის ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აგრეგატი გამოიყენება.

Miata-ს გადაადგილებაზე პასუხისმგებელი 1-როტორიანი ძრავა თითქმის სრულად ალუმინის ბილეტის დეტალებისგანაა დამზადებული და დაახლოებით 32 კილოგრამს იწონის. ძრავა Garrett GBC22-ს ტურბოს იყენებს. აპრილში დინამომეტრის გამოყენებით ტესტირებისას ამ აგრეგატმა 155 ცხენის ძალა და 184 ნიუტონ მეტრი გამოიმუშავა.
თუმცა ამ პროექტის მთავარი „ღირსშესანიშნაობა“ თავზე დამონტაჟებული 12-როტორიანი ძრავაა. 15.7-ლიტრიანი აგრეგატი, რომელსაც სამი ტურბო აქვს, ტაისონ გარვინმა დაამზადა. დინამომენტრზე მან დაახლოებით 1 515 ცხენის ძალა და 1 736 ნიუტონ მეტრი გამოიმუშავა. თუმცა აგრეგატს ტესტირების დროს ცეცხლი გაუჩნდა. შედარებისთვის, დიდი ძრავა პატარა აგრეგატზე 10-ჯერ მძლავრია, თუმცა 408 კილოგრამამდე იწონის. ანუ Miata-ს ძირითად ძრავაზე თითქმის 13-ჯერ მეტს.
მიუხედავად შთამბეჭდავი სიმძლავრისა, 12-როტორიანი აგრეგატი მხოლოდ ვიზუალური მხარისთვისაა. ძრავა ტრანსმისიასთან დაკავშირებული არაა და შესაბამისად, არც Miata-ს გადაადგილებაზეა პასუხისმგებელი. შედეგად, ამ მონსტრული ვიზუალის მიუხედავადაც, ავტომობილი გადაადგილებისთვის კვლავ მხოლოდ პატარა 1-როტორიან ძრავას იყენებს.

უზარმაზარი აგრეგატის დასამაგრებლად სპეციალური სამაგრების დამზადება გახდა საჭირო, შემდეგ კი ისინი, ავტომობილის ძარასთან სამკუთხა კონსტრუქციით დაამაგრეს, რათა მოძრაობისას ძრავა არ ირხეოდეს. მის გარშემო გაყვანილობა, საწვავის მილები და სხვა დამხმარე კომპონენტებიც დატოვეს,რის გამოც, ერთ შეხედვით, აგრეგატი ფუნქციურს გავს. თუმცა თითო ტურბო 32 კგ-ს იწონის, რაც ავტომობილის წინა ნაწილზე დიდ დატვირთვას წარმოქმნის.
დაჰმმა თავდაპირველად ისიც განიხილა, შესაძლებელი იქნებოდა თუ არა 12-როტორიანი ძრავის Miata-ს ტრანსმისიასთან დაკავშირება, თუმცა გუნდმა ამ იდის განხორციელება მალევე გადაიფიქრა.
პირველი სატესტო გასვლისას Miata-მ მოკლე წრე გაიარა, თუმცა ზეთის მილმა ტურბოსთან შეხების გამო მალევე კვამი გამოუშვა. თუმცა პროექტის ავტორი იმედებს არ კარგავდა და იხუმრა კიდეც, რომ რეალურად ავტომობილის მართვაში ხელს საქარე მინაზე ჭუჭყი უფრო უშლიდა, ვიდრე ავტომობილის კაპოტიდან აღმართული გიგანტური ძრავა.
მიუხედავად ინციდენტებისა, დაჰმის თქმით, Miata-ში დამონტაჟებულ 12-როტორიან ძრავას კვლავ შეუძლია მუშაობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უჩვეულო პროექტს მომავალში შესაძლოა კიდევ უფრო ექსტრემალური გაგრძელებაც ჰქონდეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს