რუსმა იუთუბერმა Mercedes-AMG GT 63 S-ს ცეცხლი წაუკიდა და დაწვა
რა სურთ რუსებს Mercedes Benz-ისგან?
გახსოვთ ის გაბრაზებული რუსი ყმაწვილი Mercedes-AMG G63 ვერტმფრენიდან რომ გადმოაგდო? მიზეზი ავტომობილის და შესაბამისი სერვისის გაწევის გაუმართაობა გახდა. როგორც ჩანს, ამ ჟანრს კიდევ ერთი ისტორია შეემატა, რომლის გმირიც Benz-ის სხვა მოდელია. მიზეზი კი იგივე დარჩა.
მიხაილ ლიტვინი რუსი ვლოგერია, რომელსაც „მესედესის“ სადილეროსთან მუდმივი ბრძოლა ჰქონდა გამართული. სადილეროში მან AMG GT 63 S-ი შეიძინა.
მოხსენებების მიხედვით, ოთხ კარიანი კუპე შეძენიდან მალევე მწყობრიდან გამოვიდა. დილერი პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებდა. სადილეროში ავტომობილი უკვე ხუთჯერ იყო გაგზავნილი. ხუთივე შემთხვევაში საქმე ერთგვარი თავის მართლებით და ავტომობილის კვირობით ფარეხში დგომით დასრულდა. შედეგი კი არ არსებობდა.
საბოლოოდ ლიტვინმა Mercedes-Benz-ს წერილი მისწერა და თავისი AMG GT 63 S-ი ტრიალ მინდორში დაწვა. სცენა საკმაოდ დრამატული გამოდგა და ირონიულადაც დამთავრდა - მიხაილმა მინდვრის დატოვება ZAZ 968-ით გადაწყვიტა.
ატვირთვიდან 24 საათში ვიდეომ 6 მილიონ ნახვაზე მეტი დააგროვა.
„Mercedes-თან კონფლიქტის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი რა გამეკეთებინა. ვფიქრობ რომ ცეცხლი საუკეთესო გამოსავალია... მორჩა.“ - თქვა ლიტვინმა ვიდეოში.