Aa Aa
19 ნოემბერი 2020  |  10:31

21-22 ნოემბერს საქართველოს დრიფტის სერიების ფინალური ეტაპი გაიმართება!

საქართველოს დრიფტის სერიები (ჩემპიონატი) მახათას მთაზე დასრულდება.

პანდემიის გამო 2020 წელს ჩემპიონატი სამ ეტაპად ტარდება. მესამე ფინალური ეტაპი 21-22 ნოემბერს 14:00 საათიდან მახათას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება და მასში 30-ზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი მიიღებს მონაწილეობას.

პირველი ეტაპი  ხონის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა და ნოდო კოდუას გამარჯვებით დასრულდა. ხოლო მეორე ეტაპი უპრეცედენტოდ, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე - დიდგორის ბრძოლის მონუმენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და გამარჯვება მევლუდ მელაძემ მოიპოვა.

ალექსანდრე ხეროდინაშვილი ორივე შეჯიბრში მეორე ადგილზე გავიდა, რის გამოც ყველაზე მეტი ქულა აქვს და ჩემპიონატის ლიდერია. ამ სამ მრბოლელს შორის განსხვავება ქულებში მინიმალურია, ამიტომ ფინალურ ეტაპზე კონკურენცია პიკს მიაღწევს.

დრიფტი ავტოსპორტის ყველაზე სანახაობრივი მიმართულებაა, რომელსაც სტაბილურად მაყურებლის დიდი რაოდენობა ესწრება. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, მაყურებელი დაიშვება მხოლოდ პირბადით და დისტანციის დაცვით.          

ასევე იქნება Live ტრანსლაცია („Georgian Drift Series“-ის ფეისბუქ ფეიჯსა და „Georgian Automobile Sport Federation“ - ის ფეისბუქ გვერდზე), რომელიც 10-მდე პროფესიონალური კამერით და გამოცდილი კომენტატორებით ტრანსლირდება. ღონისძიებას საერთაშორისო მსაჯთა კოლეგია აფასებს, ლიცენზირებულია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ და ტარდება „BMW Club Georgia“-ს ორგანიზებით. ღონისძიების მიზანია აღკვეთოს ქუჩის სახიფათო რბოლები, მოუწოდოს და მოიზიდოს უსაფრთხო ტერიტორიებზე თუ შეჯიბრებზე.

ღონისძიების გენერალური სპონსორია სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია, რომელიც გამარჯვებულებს სოლიდურ პრიზებს გადასცემს: 1 ადგილი - 500ლ, 2 ადგილი - 300ლ, 3 ადგილი - 200ლ საწვავი.

ფოტოების ავტორი: სოსო გახოკია

გაზიარება: