Aa Aa
8 აპრილი 2021  |  11:41

Lanzante-მ ეს Pagani Zonda Revolucion-ი ქუჩისთვის ლეგალურად აქცია

2013 წელს Pagani-მ Revolucion-ი Zonda-ს საწარმოო ხაზის დასასრულის აღსანიშნად გამოაგორა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ მას შემდეგ, უმდიდრესი მსურველებისთვის, Zonda-ს რამდენიმე მოდელი მაინც დაამზადა. ბოლო მათგანის მიწოდება 2020 წელს განხორციელდა.

ახლა კი Revolucion-ზე უნდა ვისაუბროთ. ეს ავტომობილი Zonda R-ის ევოლურია გახლდათ (მიხვდით? R-evolution), რომელიც პირველად 2009 წელს ვიხილეთ. მსოფლიოში სულ ხუთი ასეთი მოდელი არსებობდა. ახლა ხუთიდან მეოთხე მანქანა, Lanzante-ს დახმარებით, ქუჩაში ლეგალური გადაადგილებისთვის ტრანსფორმირდა. ბრიტანულ საავტომობილო საინჟინრო კომპანიას იგივე სამუშაო McLaren P1 GTR-ისთვისაც აქვს შესრულებული.

Lanzante-ს მოდიფიკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებია, თუმცა იმისათვის, რომ Revolucion-ი ქუჩისთვის ლეგალური გამხდარიყო, სვლის სიმაღლე, მუხრუჭები და გაგრილების სისტემა აუცილებლად შეიცვლებოდა. ეს სამუშაო მაჩვენებლების მონტაჟს, სანომრე ნიშნის დამჭერსა და სალონში უსაფრთხოების აღჭურვილობასაც მოიცავს. სურათებიდან ჩანს, რომ Revolucion-ის ინტერიერი მეტი კომფორტულობით ხასიათდება.

ეს პროცესი შესასრულებლად მარტივი არ გახლავთ. შეგახსენებთ, რომ Revolucion-ი მწარმოებელმა ტრეკისთვის შექმნა და არა - საგზაო მოძრაობისთვის. ის 6.0-ლიტრიანი V12 ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი. AMG-ისგან მიღებული ძალოვანი აგრეგატი 800 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ორიგინალი ავტომობილის წონა 1 070 კილოგრამია. შედარებისთვის გეტყვით, რომ ის Mazda MX-5 Miata-ზე 45 კილოგრამით მსუბუქია.

აღსანიშნავია ისიც, რომ გადაკეთების სამუშაოები ბრიტანეთის კანონებს მოერგო. გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-სთან შედარებით, სარბოლო ავტომობილის ქუჩის ავტომობილად ქცევა უფრო ადვილია. გეტყვით იმასაც, რომ ამ კონკრეტულ ავტომობილს რუსული ტუნინგ ატელიე - TopCar-ი ფლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე ეს Zonda შესაძლოა გასაყიდად იქნას გამოტანილი.

გაზიარება: