Aa Aa
13 ივნისი 2023  |  15:09

Lamborghini Countach - სრული ქრონოლოგია

„თუ გსურთ, იყოთ კაცი, მაშინ Ferrari უნდა შეიძინოთ, მაგრამ თუ უკვე კაცი ხართ, მაშინ თქვენ Lamborghini-ს ყიდულობთ!" - ფრენკ სინატრა

Lamborghini Countach-ი ლეგენდარული ავტომობილია, რომელმაც თავის დროზე არაერთი რეკორდი დაამყარა. ამიტომ, მას ავტომოყვარულების გულში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

ერთადერთი მიზეზი რის გამოც Miura-მ ყველაზე სწრაფი ავტომობილის სტატუსი დაკარგა, იყო ის, რომ Lamborghini-მ უფრო სწრაფი ავტომობილის, ყოვლისშემძლე Countach-ის გამოშვება გადაწყვიტა. ეს იყო იშვიათი შემთხვევა, როცა ამ ავტომწარმოებლის მოდელს არის სახელი არ ერქვა. Countach არის სიტყვა, რომელიც პიემონტური დიალექტიდან მოდის. ამ სიტყვას გაკვირვების გამოსახატავად იყენებენ.

ორიგინალი Countach-ი 16 წლის განმავლობაში გამოდიოდა. ახლა კი ავტომწარმოებელმა ლეგენდის გაცოცხლება გადაწყვიტა. მოდით, ერთად გავიხსენოთ, რა გზა გაიარა Countach-მა ჩვენთან მოსასვლელად.

1971 LAMBORGHINI COUNTACH LP500 PROTOTYPE

ეს იყო ორიგინალი Countach-ის პირველი ვერსია. წარმოებამდე მას კიდევ ორი ვერსია მოჰყვა. LP500 პროტოტიპის დებიუტი 1971 წლის ჟენევის ავტოშოუზე შედგა. მისი ფოლადის ჩარჩო პარციალური იყო, წარმოებული მოდელის კი მილისებრი. თავდაპირველად, ავტომობილს 5.0-ლიტრიანი V12 ძრავა ჰქონდა, რომელიც 440 ცხენის ძალას და 497ნმ-ს გამოიმუშავებდა. ეს ძრავა შემდგომში ტესტირებებისას გაანადგურეს.

განადგურებული აგრეგატი 3.9-ლიტრიანი V12 ძრავით ჩაანაცვლეს. პირველი პროტოტიპი საბოლოოდ ევროპის რეგულაციების დასაკმაყოფილებლად, ინგლისში შეჯახების ტესტებში განადგურდა.

1973 LAMBORGHINI COUNTACH LP400 PROTOTYPE

მეორე პროტოტიპი 1973 წელს ისევ ჟენევის ავტოშოუზე გამოჩნდა. ის წითელ ფერში იყო. მოგვიანებით, ის მწვანედ გადაღებეს და პარიზის ავტოშოუზე გაიყვანეს. ეს მოდელი ახლა Lamborghini-ს მუზეუმში სანტაგატაში ინახება.

1974 LAMBORGHINI COUNTACH LP400 PRE-PRODUCTION

მესამე პროტოტიპი უკვე წარმოებისთვის მზა მოდელი იყო. ის 13 სანტიმეტრით უფრო გრძელი იყო, ვიდრე წინა პროტოტიპები. პანელები კი უფრო სქელი. Lamborghini-მ არასანდოობის გამო, 5.0-ლიტრიან V12 ძრავაზე უარი თქვა.

1974 LAMBORGHINI COUNTACH LP400

პირველი წარმოებული მოდელი LP400 იყო. ის მხოლოდ 152 ეგზემპლარად აიწყო.

მისი 3.9-ლიტრიანი V12 ძრავა, 5,500 ბრუნით წუთში, 375 ცხენის ძალასა და 368 ნმ-ს გამოუმუშავებდა.

5-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ძალას უკანა თვლებს უგზავნიდა. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 5.6 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 315კმ/სთ! ორიგინალი ვერსია 1977 წლამდე გამოდიოდა.

1975 LAMBORGHINI COUNTACH WALTER WOLF SPECIAL

თუ ამისთვის საკმაოდ მდიდარი ხართ, მაშინ შეგიძლიათ ავტომობილს საკუთარი სახელი დაარქვათ. 1975 წელს კანადელმა ბიზნესმენი Lamborghini Countach LP400-ის შესაძლებლობებით კმაყოფილი არ იყო. მის აუმჯობესებაზე Lamborghini-ს მთავარმა ინჟინერმა ჟანპაოლო დალარამ იზრუნა. ამ ავტომობილის შასის ნომერი 1120148 იყო. 

მან ავტომობილში 5.0-ლიტრიანი V12 ჩასვლა. ძრავა, რომელიც ანალოგიც პირველ პროტოტიპში იდო.

შედეგად 447 ცხენის ძალა მიიღო. მაქსიმალური სიჩქარე კი 324კმ/სთ-ს აღწევდა.

ამ სპეციალურ შეკვეთას კიდევ ორი მსგავსი მოდელის გამოშვება მოჰყვა, რომელთა დებიუტიც 197 წლის ჟენევის ავტოშოუზე შედგა.

1976 LAMBORGHINI COUNTACH LP400 SPECIALE

1976 წელს დამატებით სამი LP400 აიწყო. ერთი მათგანი ვალტერ ვოლფს ეკუთვნოდა. დანარჩენი ორი ერნანდო სპაცაპანმა და ალბერტ სილვერამ შეიძინეს. სამივე მათგან 5.0-ლიტრიანი V12 ძრავა ჰქონდა. სამივე ავტომობილი ძლიერად მოდიფიცირებული იყო.

1978 LAMBORGHINI COUNTACH LP400 S

მოდელის პირველი განახლება 1978 წელს მოხდა. ახალ მოდელს LP400 S უწოდეს. გარდაქმნილი ექსტერიერის მშვენება უკანა დიდი ფრთა იყო. გაადიდეს საბურავის საფარებიც. ეს თავად საბურავების 345მმ-მდე გაფართოებამ გამოიწვია. ფრთის გამო ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 275კმ/სთ-მდე შემცირდა. 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 6 წამში აღწევდა.

ეს ავტომობილი სამ განსხვავებულ ვერსიად იყო ხელმისაწვდომი - S1, S2 და S3. უკანასკნელ მათგანს სალონში 3.0სმ-ით მეტი ადგილი ჰქონდა. TLP400 S ჯამში 237 ეგზემპლარად აიწყო. აგრეგატი ისევ 3.9-ლიტრიანი V-12 იყო,  თუმცა ცხენის ძალებისა და მაბრუნი მომენტის რაოდენობა შემცირდა (359 ც.ძ. და 366ნმ).

1982 LAMBORGHINI LP500 S

დადგა მეორე განახლების დროც! ძრავა 4.8-ლიტრიანი V12-ით ჩაანაცვლეს. ბრუნების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ მაბრუნი მომენტი გაიზარდა. ცხენის ძალების რაოდენობა ისევ 375 გახდა. ნმ - 418.

ეს იმას ნიშნავდა, რომ ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე დაახლოებით 5.2 წამში არწევდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 293კმ/სთ იყო. პირველ 20 ავტომობილს Campagnolo-ს დისკები ჰქონდა. შემდეგ მოდელებს კი Ozetto-სი. ამერიკაში ამ ვერსიას LP5000 S ერქვა. რაც უფრო მეტი ნულია, უკეთესია, არა? ეს ავტომობილი ჯამში 323 ეგზემპლარად აიწყო.

1984 LAMBORGHINI COUNTACH TURBO S

ოფიციალურად, Lamborghini-ს ტურბოკომპრესორიანი Countach-ი არასდროს შემოუთავაზება. შვეიცარიელმა დისტრიბუტორმა მაქს ბობნარმა ორი მოდიფიცირებული Countach-ი შემოგვთავაზა. ერთ-ერთი მათგანი LP500 S-ზე იყო დაფუძნებული. მეორე კი წითელი ფერის LP400 S-ზე.

ტვინ ტურბო ვერსია LP500 1,515კგ-ს იწონიდა. თუმცა, ეს ვის ადარდებდა, როცა  4.8-ლიტრიანი V-12 ძრავა 748 ცხენის ძალასა და 876ნმ-ს გამოიმუშავებდა.

0-100კმ/სთ-მდე თითქმის 3.7 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 335კმ/სთ.

1985 LAMBORGHINI COUNTACH 5000QV

1985 წელს Countach-მა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. “QV” იშიფრება, როგორც “quattrovalvole”, რაც იმას ნიშნავდა, რომ V12 ძრავას თითოეული ცილინდრზე 4 სარქველი ჰქონდა. ძრავა ამჯერად 5.2-ლიტრიანი იყო. ავტომობილი კიდევ უფრო სწრაფი გახდა. ახლა მას 455 ცხენის ძალა და 500ნმ ჰქონდა.

0-100კმ/სთ-მდე 4.2 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 298კმ/სთ. ამერიკაში მამ მოდელს 5000QV ერქვა და მას „ბოშის“ წარმოებული  საწვავის შეფრქვევის სისტემა ჰქონდა. ცხენის ძალების რაოდენობა 420მდე, ნიუტონ მეტრები კი 461-მდე შემცირდა. ჯამში 610 Quattrovalvole გამოვიდა. მათგან 66 საწვავის შეფრქვევის სისტემით იყო.

1985 LAMBORGHINI COUNTACH QVX

ეს იყო პროექტი Group C რბოლებისთვის. მის აწყობაზე Spice Engineering-მა და CC Engineering-მა იმუშავა. ამ ავტომობილს Lamborghini-ს  V-12 ძრავა ჰქონდა, რომელიც ლუიჯი მარმიროლიმ ააწყო. მან ინფორმაცია Lamborghini-ს მთავარი ინჟინრებისგან მიიღო. ძრავა 650-ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ავტომობილი დევიდ იოლიფს გადაეცა და მან ის 1985 წლის ლემანზე გამოიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოდელმა წარმატების მიღწევა ვერც 1986 წლის სეზონზე შეძლო, სხვა რბოლებში უფრო გამოცდილ ავტომობილებს ტემპში არ ჩამოუვარდებოდა.

1986 LAMBORGHINI COUNTACH 7000 PROTOTYPE

1986 წელს Countach-ის სრულიად განსხვავებული ვერსია გამოჩნდა. ექსტერიერში განახლებების შემჩნევა ძნელი არ იყო. წინ პატარა ფრთა ჰქონდა. უკანა ფრთა კი ინტეგრირებული იყო. დაემატა ჰაერის შემწოვებიც. იმისთვის, რომ ავტომობილს სრული ზომის ფანჯრები ჰქონოდა, შეცვალეს კარის ფორმაც.

პროტოტიპი 5000QV-ზე იყო დაფუძნებული. V12 ძრავის მოცულობა 7.1 ლიტრამდე გაზარდეს. ორი ტურბოკომპრესორით ავტომობილი 592 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მაქსიმალურ სიჩქარედ 386კმ/სთ დაასახელეს.

1987 LAMBORGHINI COUNTACH “RESTYLING PROTOTYPE” L150

L150-ის განვითარება 1984 წელს დაიწყო, როცა ჯულიო ალფიერიმ გადაწყვიტა, რომ მას Countach-ის გაუმჯობესება შეეძლო. მთავარი მიზანი წარმოებული ავტომობილის უარყოფითი მხარეების გაუმჯობესება იყო. მაგალითად „დრეგის“ კოეფიციენტის. ზოგიერთი გამაგრილებელი მილი 1971 წლის პროტოტიპისას ჰგავდა.  

გაუმჯობესდა წინა ფრთაც. მიუხედავად დიდი განახლებებისა, ძრავა და დაკიდების სისტემა ხელუხლებელი დატოვეს. მთლიანი პროტოტიპი ევროპულ ვერსია 5000QV-ზე იყო დაფუძნებული. რაც იმას ნიშნავდა, რომ ავტომობილს 5.2-ლიტრიანი ძრავა ჰქონდა, რომელიც 455 ცხენის ძალასა და 500ნმ-ს გამოიმუშავებდა.

1987 LAMBORGHINI COUNTACH EVOLUZIONE

ამ ავტომობილზე დიდი გავლენა ჰორაციო პაგანიმ მოახდინა. ეს იყო ავტომობილი, რომელშიც ახალი ტექნოლოგიები გამოცადეს. ამ ტექნოლოგიებიდან ზოგი Countach 25th Anniversary ვერსიაში მოხვდა. ზოგი კი Countach-ის შთამომავალ Diablo-ში.

ავტომობილს კარბონისა და კევლარის პანელები ჰქონდა. გამოყენებული იყო პლასტმასიც და ალუმინიც. პროტოტიპი უფრო დაბალი იყო, ვიდრე წარმოებული Countach-ი. მთავარი ცვლილება კი განახლებული შასი იყო. მილოვანი ფოლადის ჩარჩო კომბინირებული უჩარჩოო სტრუქტურით ჩაანაცვლეს.

შედეგად, ავტომობილი 397 კილოგრამით უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე წარმოებული ვერსია. გარდა ამისა, ავტომობილს ოთხივეწამყვანი სისტემა, ABS-ი, ადაპტური დაკიდების სისტემა, დაბალი „დრეგი“ და მინის დაკეცვადი საწმენდები ჰქონდა.

Quattrovalvole493 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 0-100კმ/სთ-მდე კი დაახლოებით 4 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 322კმ/სთ.

ერთადერთი ეგზემპლარი შეჯახების ტესტებში განადგურდა.

1988 LAMBORGHINI COUNTACH 25TH ANNIVERSARIO

25 წლის იუბილეს აღსანიშნავად Countach 25th Anniversary გამოვიდა. ის  5000QV-ზე იყო დაფუძნებული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი 5.2-ლიტრიანი V12 ძრავა 455 ცხენის ძალასა და 500ნმ-ს გამოიმუშავებდა. ყველაზე შესამჩნევი განსხვავება მაინც განახლებული სხეული იყო, რომელზეც ჰორაციო პაგანიმ იმუშავა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ Lamborghini-ს თანამშრომელი იყო.   

ავტომობილს უფრო დიდი ფრთები და მეტი საჰაეროები ჰქონდა. ეს ავტომობილი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მასზე რომელიმე ტიუნინ ატელიემ, მაგალითად, Strosek-მა, Koeni-მა ან Gemballa-მ იმუშავა. 25th Anniversary Countach-ის გედის სიმღერა იყო. საბოლოოდ, ეს მოდელი 1990 წელს Diablo-მ ჩაანაცვლა.

Lamborghini Countach-ს მეორე სიცოცხლე აჩუქეს!

ლეგენდარულ Lamborghini Countach-ს მეორე სიცოცხლე ახლახან აჩუქეს. Countach LPI 800-4 ყველაზე სწრაფი Countach-ია, რაც იტალიურ ავტომწარმოებელს აქამდე გამოუშვია. V12 ძრავას გარდა, ავტომობილს ელექტრო მოტორიც აქვს. ჯამში 803 ცხენის ძალას ვიღებთ. ეს საკმარისია იმისთვის, რომ 100კმ/სთ-მდე 2.8 წამში აჩქარდეს. მაქსიმალური სიჩქარე კი 355კმ/სთ-ია.

Lamborghini Countach LPI 800-4-ის კლიენტებისთვის მიწოდება ამერიკის შეერთებულ შტატებში 2022 წლის აგვისტოში დაიწყო. 2 ეგზემპლარი 2022 წლის მონტერეის საავტომობილო კვირეულზე იყო გამოფენილი. სპეციალურ ღონისძიებაზე ამ ავტომობილის მფლობელებს გასაღებები გადასცეს. ღონისძიებას სტივენ უინკელმანი, Lamborghini-ს აღმასრულებელი დირექტორიც ესწრებოდა.

გაზიარება: