ამერიკელმა პოლიციელმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია — ახლა ახალ სამსახურს ეძებს
„და თვით დარაჯებს ვინ უდარაჯებს?“ (Quis custodiet ipsos custodes?) — ეს კითხვა რომაელმა სატირიკოსმა დეციმუს იუნიუს იუვენალისმა მე-2 საუკუნეში დასვა და მას შემდეგ მისი აქტუალობა არსად წასულა. ფრაზა სხვა მნიშვნელობებთან ერთად, მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა იმას მართებს, ვისაც წესრიგის დაცვა ევალება. მიუხედავად ამისა, წესრიგის დამცველებიც სცოდავენ ხოლმე...
სწორედ ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ტეხასში, სადაც სან-ანტონიოს პოლიციის ოფიცერი მთელი რიგი მძიმე საგზაო დარღვევების გამო სამსახურიდან განუსაზღვრელი ვადით დაითხოვეს.
ადგილობრივი მედიასაშუალება KSAT-ის ინფორმაციით, ოფიცერმა მხოლოდ ერთი ცვლის განმავლობაში სულ მცირე ხუთჯერ გადააჭარბა სიჩქარეს, ანალოგიური დარღვევები კი მომდევნო დღეებშიც განმეორდა. ერთ-ერთ შემთხვევაში, მან 190 კმ/სთ (118 მილი/სთ) სიჩქარით იარა იქ, სადაც ლიმიტი მხოლოდ 65 მილ/სთ-ია. სხვა ეპიზოდში კი იმავე ზონაში 98 მილი/სთ სიჩქარე განავითარა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ოფიცერი გამოძახებაზე მიდიოდა (ერთგან უბრალოდ მოპარული ავტომობილის შესახებ შეტყობინებაზე რეაგირებდა), მას ექსტრემალური სიჩქარით გადაადგილების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

San Antonio Express-News-ი ამატებს, რომ ოფიცერ სანჩესს არცერთ ამ შემთხვევაში არ ჰქონდა ჩართული საპატრულო ეკიპაჟის ვიდეორეგისტრატორი, ხოლო ავტომობილის ციმციმები და ხმოვანი სიგნალი ნებართვის გარეშე გამოიყენა. უფრო მეტიც, ის სიჩქარეს მაშინაც აჭარბებდა, როდესაც გამოძახებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა — ერთ-ერთ ასეთ მომენტში მისმა სიჩქარემ 103 მილ/სთ-ს (166 კმ/სთ) მიაღწია. გარდა ამისა, ოფიცერმა არაერთხელ უგულებელყო წითელი შუქნიშანი და STOP ნიშანი, ერთხელ კი გზაზე საპირისპირო მიმართულებითაც იარა.
საგზაო ხულიგნობის გარდა, საქმეში ფიგურირებს სამსახურებრივი გულგრილობაც: სანჩესმა ბაზაში არ ატვირთა სამხრე კამერის 300-ზე მეტი ვიდეოჩანაწერი, რაც ჯამში 64 საათის მასალას შეადგენდა.

როგორც ირკვევა, ოფიცერს დისციპლინური დარღვევები 2025 წლის სექტემბერშიც უფიქსირდებოდა. ოფიციალურ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ მისი ქმედებები „საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სისტემის ეფექტურობასა და ავტორიტეტს“.
როგორც ჩანს, საგზაო მოძრაობის წესები ყველასთვის ერთია, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ამ წესების კონტროლი ევალება, რადგან 190 კმ/სთ სიჩქარით ქალაქის ქუჩებში მოძრავი პატრული არაფრით ნაკლებ საფრთხეს არ წარმოადგენს, ვიდრე ნასვამი მძღოლი. გამოდის, რომ „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგი ცხოველი უფრო თანასწორია“ რეალურ ცხოვრებაში, შესაძლოა, ცუდად შემოგვიტრიალდეს...