ჩინეთი, კანონები, შეზღუდვები
Aa
Aa

ჩინეთი მანქანაში „გადაწოლილ“ პოზიციაში ჯდომის აკრძალვას გეგმავს

ჩინელი „ბე-ემ-ვე“-შნიკებისთვის ცუდი ამბავი გვაქვს: ჩინეთის მარეგულირებელ ორგანოს ახალი სამიზნე აქვს — ე.წ. „ლაუნჯ-სავარძლები“. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლება იმ რისკებს სწავლობს, რაც შესაძლოა ავტომობილის მართვისას არასწორად და ზედმეტად გადაწეულ პოზაში ჯდომამ გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

თავის მხრივ, თანამედროვე ელექტრომობილებთან ერთად, ჩინეთმა EV-ებისთვის დამახასიათებელი ბევრი ექსტრემალური ტენდენციის შექმნასაც შეუწყო ხელი, თუმცა, შესაძლოა, ახლა უკვე მათ ნაწილს ნანობს კიდეც. მაგალითად, „უჩინარი“ კარის სახელურებისა და გიგანტური სენსორული ეკრანების შეზღუდვის შემდეგ, ქვეყნის რეგულატორები ახლა ე.წ. „ნულოვანი გრავიტაციის სავარძლებს“ უპირისპირდებიან. მსგავსი სტილის სავარძლები კი არაერთ ძვირადღირებულ ელექტრომობილსა და შიგაწვის ძრავაზე მომუშავე ავტომობილში გვხვდება.

ხუმრობა იქით იყოს და ამ შეშფოთებას საკმაოდ მყარი საფუძველიც აქვს: დადასტურებულია, რომ მაშინ, როდესაც მძღოლი ან მგზავრები ავარიისას თითქმის ჰორიზონტალურად არიან წამოწოლილნი, უსაფრთხოების ღვედები და უსაფრთხოების ბალიშები მათ სათანადოდ ვეღარ იცავს. ჩინეთის ოფიციალური უწყების განცხადებით, არსებობს შანსი, რომ შეჯახების დროს ადამიანი, რომელიც ავტომობილის სავარძელში „ზედმეტადაა გადაწეული“, ღვედის ქვემოდან „გაცურდეს“.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლაუნჯის სავარძლები ჩინურ ელექტრომობილებში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ავტომწარმოებლების ნაწილი თავის მდიდრულ მოდელებში მომხმარებლებს მასაჟის ფუნქციებსა და გიგანტურ ეკრანებსაც სთავაზობს, რაც, იდეაში, დამატებით კომფორტადაც აღიქმება.

თუმცა მარეგულირებლები კომფორტზე მეტად ადამიანების უსაფრთხოებაზე ფიქრობენ, რაც სწორი მიდგომაა. ამ მიზეზის გამო ქვეყანაში უკვე აიკრძალა Tesla-ს სტილის კარის სახელურები, რაც ავარიების დროს ელექტრომობილებში მგზავრების ჩარჩენის რისკს ზრდიდა.

ასევე იხილეთ: ჩინეთი Tesla-ს სტილის კარის სახელურებს კრძალავს

უახლეს რეგულაციას კი, წესით, ჩინეთი მიმდინარე წელს მიიღებს. კერძოდ, Reuters-ის თანახმად, შემოთავაზებული წესები ავტომობილების დიზაინის შეცვლისაკენ მიმართული ბევრად ფართო ძალისხმევის ნაწილია. მასთან დაკავშირებულ განხილვაში მონაწილეობა კი საზოგადოებას 25 ივლისამდე შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები