Aa Aa
8 ივლისი 2022  |  09:12

Lamborghini რეტრო მოდელების გაცოცხლებას აღარ აპირებს

თუ Lamborghini-ს ხელმძღვანელს დავუჯერებთ, ახალი Countach-ი კომპანიის წარსულის ბოლო გახსენება იყო.

Lamborghini ახლა სრული ელექტრიფიკაციისკენ მიიწევს. Volkswagen Group-ის სახით მის უკან უდიდესი კომპანია დგას და ფინანსური რესურსების მოძიება არ გაუჭირდებათ, რასაც Ferrari-ზე ვერ ვიტყვით.  ბოლო დროს Lamborghini-მ ლეგენდარულ Countach-ს მეორე სიცოცხლე აჩუქა. თუმცა, ამ ავტომობილის გამოსვლამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. კომპანიის განცხადებით, Countach-ი ბოლო რეტრო სუპერქარია, რომელიც კომპანიამ წარმოებაში დააბრუნა.

2021 წლის ვერსია პატივს ლეგენდარულ მოდელს ღირსეულად მიაგებს. თუმცა, ეს ავტომობილი Aventador-ს უკვე საკმაოდ მოძველებულ პლატფორმაზეა. მხოლოდ 112 ეგზემპლარად გამოვიდა. თითოეულის ღირებულება $2.64 მილიონია. გასულ წელს Lamborghini-მ 50-ე დაბადების დღე იზეიმა და Countach-ის სახელით ისევ დიდი ფული იშოვა.

მიუხედავად კარგი გაყიდვებისა, Lamborghini-ს აღმასრულებელი დირექტორი ძველი მოდელების გაცოცხლების წინააღმდეგ გამოდის:

„Countach-ი უნიკალური ექსპერიმენტი იყო, მაგრამ ჩვენ პატარა ბრენდი ვარ და წინ უნდა ვიყუროთ. ჩვენ წარსულს არ უნდა დავეყრდნოთ და ვიფიქროთ, რომ წარსული მომავალს ქმნის“, - ამბობს სტივენ უინკელმანი.

იგივე თქვა უიკელმანმა 2006 წელსაც, როცა Lamborghini-მ Miura-ს კონცეპტი წარმოგვიდგინა.

მაშინ უინკელმანმა განაცხადა: „Miura ჩვენი ისტორიის ზეიმია. თუმცა, Lamborghini მომავალზე ფიქრობს. რეტრო დიზაინი ის არაა, რისთვისაც აქ ვართ. ასე რომ, ახალ Miura-ს არ ვაწარმოებთ“.  საინტერესოა, რომ 15 წლის შემდეგ Avendator-ის მოძველებულ პლატფორმაზე დაფუძნებული Countach-ი ვიხილეთ.

გაზიარება: