Aa Aa
15 აგვისტო 2022  |  10:05

ავსტრალიური ფერმის ფარდულში იშვიათი Ford XB Falcon John Goss Special-ი იპოვეს

იშვიათი Ford XB Falcon John Goss Special-ი ავსტრალიაში ფერმის ფარდულში იპოვნეს.

Ford Australia-მ John Goss Special-ი 1974 წლის Bathurst 1000 გამძლეობის რბოლაში ჯონ გროსის გამარჯვების აღსანიშნავად გამოუშვა. ეს ავტომობილი XB Falcon 500 Hardtop-ზე იყო დაფუძნებული, რომელიც 1975 წლის ივლისიდან 1975 წლის ნოემბრამდე გამოდიოდა. წარმოებული ეგზემპლარების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ, როგორც ვარაუდობენ, 260-800 ერთეულია აწყობილი.  

ამ Falcon John Goss Special-ს სამხრეთ ავსტრალიაში The Muscle Car Shop-მა მიაკვლია. როგორც გაირკვა, ავტომობილი 1988 წლიდან ფარდულში იდგა და ერთხელაც არ დაუქოქავთ.

ექსტერიერი ძირითადად თეთრ და მწვანე ფერშია. ზოგან ნარინჯისფერი აქცენტებიც აქვს. ავტომობილი მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული. თუმცა, არ დაჟანგულა, რაც მის გაყიდვას გაამარტივებს.

Ford-ს 4.9-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს, რომელიც 240 ცხენის ძალასა და 414 ნმ-ს გამოიმუშავებს. გადაცემათა კოლოფი 4-სიჩქარიანი მექანიკა ან 3-სიჩქარიანი ავტომატიკა იყო. არ ვიცით, ამ კონრეტულ ავტომობილს ამ ორიდან რომელი აქვს, თუმცა, ერთი რამ ცხადია: ეს ავტომობილი ნამდვილი განძია. ბოლო დროს რესტავრირებული John Goss Special-ი $172,000-ად გაიყიდა.

გაზიარება: