Aa Aa
21 იანვარი 2023  |  12:43

Mercedes-ის გუნდის ხელმძღვანელის Ferrari F40 გასაყიდადაა გამოტანილი

ტოტო ვოლფი კიდევ ერთ სუპერქარს ემშვიდობება.

Mercedes-Benz AMG Formula 1-ის გუნდის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი თავისი კოლექციიდან კიდევ ერთ სუპერქარს ემშვიდობება.

ვოლფის Ferrari F40 ბრიტანეთში Tom Hartley Jr. სადილერო ყიდის. ეს ის სადილეროა, რომელმაც 2021 წელს მისი Ferrari LaFerrari Aperta, Ferrari Enzo და Mercedes-Benz AMG SL 65 Black Series-ი გაყიდა.

მაშინ ვოლფმა ავტომობილების გაყიდვის მიზეზად მათ სამართავად დროის არ ქონა დაასახელა. 2023 წლის ფორმულა 1-ის კალენდარში 23 რბოლა იქნება. შეიძლება F40-ის გაყიდვის მიზეზიც დროის ნაკლებობა იყოს.

ეს ლეგენდარული სუპერქარი Autofficina Bonini Carlo-მ აღადგინა. მისი ოდომეტრი მხოლოდ 5 536 კილომეტრს უჩვენებს. შასის ნომერი - ZFFGJ34B000087007. ის ერთ-ერთია იმ 27 F40-დან, რომლებიც ესპანეთში ჩაიყვანეს.

ავტომობილს სრული დოკუმენტაცია მოჰყვება, მათ შორის, კლასიკური ავტომობილების დეპარტამენტის დადასტურება, რომ შასი, კორპუსი, ძრავა და ტრანსმისია ორიგინალია.

გამოსვლის დროს F40 ყველაზე სწრაფი, ყველაზე ძლიერი და ყველაზე ძვირადღირებული Ferrari იყო. მისი ტვინ ტურბო 2.9-ლიტრიანი V8 ძრავა 471 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. F40 იყო პირველი მასობრივად წარმოებული Ferrari, რომელმაც 320კმ/სთ-ს გადააჭარბა.

გაზიარება: