Aa Aa
17 მაისი 2023  |  12:02

The Grand Tour-ის ახალი სერია ივნისში გამოვა

ამჯერად წამყვანები Chevrolet SSR-ს, Mitsuoka Le-Seyde-ის და Crosley კაბრიოლეტით იმოგზაურებენ.

Grand Tour-ი ივნისში დაგვიბრუნდება. ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯეიმს მეი ცენტრალურ ევროპაში იმოგზაურებენ. ახალი სერიის სახელი Eurocrash იქნება და Amazon Prime-ზე 16 ივნისს გავა. ამ სერიის შესახებ Amazon-ი ბევრ დეტალს არ გვიზიარებს, თუმცა, ფოტოებიდან ვიგებთ, თუ რომელი ავტომობილების საჭესთან იქნებიან ჩვენი საყვარელი წამყვანები.

ამერიკული ავტომობილების მოყვარული ჰამონდი Chevrolet SSR-ის საჭესთან იქნება. ეს ავტომობილი 2003-2006 წლებში გამოდიოდა. SSR 5.3- ან 6.0-ლიტრიანი V8 ძრავით იყო ხელმისაწვდომი. კლარკსონი Mitsuoka Le-Seyde-ს მართავს, რომელიც 90-იანებში გამოდიოდა და Nissan Silva S13-ზე იყო დაფუძნებული. მეი Crosley კაბრიოლეტით იმოგზაურებს. ეს ავტომობილი ოჰაიოში 1930-იანებიდან 1950-იანებამდე იწყობოდა.

ამ სერიაში წამყვანების ტრიო პოლონეთიდან სლოვენიამდე იმოგზაურებს. ესტუმრებიან სლოვაკეთსა და უნგრეთს. წინა ეპიზოდში ჯეიმს მეი საშიშ ავარიაში მოხვდა. ამ სერიაში კი, როგორც ჩანს, ავარიაში ჰამონდი მოყვება.

გასულ წელს სოციალურ ქსელებში სურათები გამოჩნდა, როგორ დგას რიჩარდ ჰამონდი დამტვრეული ავტომობილის გვერდით. საბედნიეროდ, ამჯერად უვნებელი.  სარბოლო ავტომობილი კი, ბარიერთან შეჯახების შემდეგ, დამტვრეულია.

სამწუხაროდ, Grand Tour-ის დასასრული ახლოვდება. მიზეზების შესახებ ჩვენ უკვე გესაუბრეთ. 2024 წლიდან Amazon Prime-ზე კლარკსონს გადაცემები აღარ ექნება. თუმცა, იმედია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰამონდს, კლარკსონს და მეის სამუდამოდ უნდა დავემშვიდობოთ. 

გაზიარება: