Aa Aa
31 ივლისი 2024  |  18:37

Huracan-ი 888+ ცხენის ძალით: ახალ მანქანას 16 აგვისტოს ვიხილავთ

Lamborghini-ის ახალ მოდელს ორტურბინიანი V8 და სამი ელექტროძრავა აქვს.

ჭორები გამართლდა: იტალიური Lamborghini ახალ Huracan-ს მიმდინარე წლის 16 აგვისტოს წარადგენს. ამით კი შეიძლება ითქვას, რომ Lamborghini-ის ხაზის ჰიბრიდიზაციის პროცესიც დასრულებულია. ავტომწარმოებელი ამ დროისთვის ახალი მოდელის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, თუმცა უკვე ცნობილი გახდა, რომ ახალ Huracan-ს ორტურბინიანი V8-ძრავა და დამატებით სამი ელექტროძრავა ექნება.

არსებული ინფორმაციით, 4-ლიტრიანი V8-ძრავით მანქანა 789 ცხენის ძალის გამომუშავებას შეძლებს, დამატებით სამი ელექტროძრავით კი Huracan-ის შესაძლებლობები 888 ცხენის ძალამდე გაიზრდება. მაბრუნი მომენტი 730 ნიუტონმეტრია. ავტომობილი, რა თქმა უნდა, 8-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი.

რაც შეეხება მის დიზაინს, გარკვეულწილად საუბარი მის ექსტერიერზეც შეიძლება, რის საშუალებასაც Huracan-ის პროტოტიპი გვაძლევს. ავტომობილს კუთხოვანი ფორმის წინა ნაწილი, კოხტა მაშუქები და დღის ექვსკუთხა განათება აქვს. შეგვიძლია ისიც ვივარაუდოთ, რომ Lamborghini-ის ახალ მოდელს 8.4-დუიმიანი საინფორმაციო გასართობი სისტემა და მგზავრისთვის განკუთვნილი 9.1-დუიმიანი მონიტორი ექნება. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალ მოდელზე საუბრის გარდა, იტალიურმა ავტომწარმოებელმა მთავარი ყურადღება მეორე კვარტლისა და ნახევარი წლის შემოსავლებზე გაამახვილა. Lamborghini-ის წარმომადგენლების განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავტომობილების წარმოებამ 5,558 ერთეულს მიაღწია, მიღებულმა შემოსავალმა კი €1.62 მილიარდი შეადგინა. ამავე პერიოდში, კომპანიის საოპერაციო მოგება რეკორდულ, €458 მილიონამდე გაიზარდა.

გაზიარება: