სატვირთო, ინციდენტი, უცნაური
Aa
Aa

დედამ, თავისი შვილი და სხვა მანქანები, უკონტროლო სატვირთოსგან იხსნა

როდესაც მანქანით, უკანა სავარძელზე შვილთან ერთად მგზავრობ, ალბათ ყველაზე ნაკლებად გზაზე უკონტროლო სატვირთო მანქანის გამოჩენის ალბათობა გხიბლავს. თუმცა სწორედ ამ სიტუაციაში აღმოჩნდა კარლი ატკინსონი, რომელმაც პანიკისა და სატვირთოსთვის თავის არიდების ნაცვლად გადაწყვიტა, ინციდენტის მართვის სადავეები ხელში აეღო.

25 მარტს, სამხრეთ ავსტრალიაში, ატკინსონი ქალიშვილთან ერთად მგზავრობდა, როდესაც სატვირთო მანქანა შენიშნა, რომელიც მისი შემხვედრი მიმართულებით, უკონტროლოდ მოემართებოდა. სხვა მანქანები, შეჯახების თავიდან ასაცილებლად ვიწრო ზოლზე გადავიდნენ, ნაწილმაც მანქანა უბრალოდ გააჩერა. თუმცა ატკინსონი ჯერ პოლიციას დაუკავშირდა, შემდეგ კი გადაწყვიტა, მათი დალოდების ნაცვლად თავად ემოქმედა.

ატკინსონი სატვირთოს გაჰყვა და მაშინ, როდესაც მძღოლმა მარჯვნივ შემობრუნება სცადა, ის თავისი მანქანიდან  გადმოვიდა და პირდაპირ სატვირთოსკენ წავიდა. თავდაპირველად, მან მძღოლს ჰკითხა, კარგად იყო თუ არა. მან უპასუხა, რომ „ცოტა დაბნეული იყო“, რის შემდეგაც ატკინსონმა სთხოვა მანქანა გაეჩერებინა და აუხსნა, რომ ის საზოგადოებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.

მალევე ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი გამოჩნდა და აღმოჩნდა, რომ სატვირთოს მძღოლი მარიხუანასა და მეტამფეტამინის ზემოქმედების ქვეშ იყო. ეს კი, რა თქმა უნდა, კანონდარღვევაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირი ავტომობილს, თანაც სატვირთო ტიპისას, მართავს და სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

სამხრეთ ავსტრალიის პოლიციის ინფორმაციით, მძღოლს მანქანის მართვა სამი თვით შეეზღუდა. მოსალოდნელია, რომ ის სასამართლოს წინაშე წარდგება, სადაც შესაძლოა დამატებითი სასჯელიც დაუწესდეს. 

 

მსგავსი სიახლეები