სასარგებლო ინფო, სამუხრუჭე სისტემა, მუხრუჭები
Aa
Aa

6 რჩევა, როგორ გავუხანგრძლივოთ მუხრუჭებს სიცოცხლე

დამწყებმა მძღოლმაც კი იცის, რომ მუხრუჭები უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ბევრი ვერ იაზრებს, რომ მართვისას მავნე ჩვევები შესაძლოა მუხრუჭების გამძლეობაზე ცუდად აისახოს. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლოა მუხრუჭების „სიცოცხლის“ ხანგრძლივობაზე გავლენა მოახდინოს და ეს ფაქტორები თითოეული ავტომობილისთვის შესაძლოა სხვადასხვა იყოს.

მართვის სტილსა და გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას მუხრუჭების გამძლეობაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თუ საცობებში სიარული მუდმივად გიწევთ, დამუხრუჭებაც ხშირად მოგიწევთ. გამძლეობაზე გავლენას მანქანის ნაწილების ხარისხიც ახდენს.

სანამ ზოგიერთ ფაქტორზე პირდაპირი გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია, რამდენიმე ასპექტი მაინც არსებობს, რისი გათვალისწინებითაც მუხრუჭებს სიცოცხლეს გავუხანგრძლივებთ.

1. ნუ მოინდომებთ შუმახერობას

მუხრუჭების ყველაზე დიდი მტერი სისწრაფეა. რაც უფრო მაღალია ავტომობილის სიჩქარე, მით უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდება მუხრუჭებს მანქანის სრულად გასაჩერებლად. 

2. შეანელე მუხრუჭის გარეშე

სცადე მუხრუჭის გამოყენების გარეშე შენელება. ეს მარტივი ტექნიკაა, რომლის დროსაც უბრალოდ აქსელერატორის სატერფულიდან ფეხს იღებენ და მანქანა ბუნებრივად, მუხრუჭის გამოყენების გარეშე ნელდება. რა თქმა უნდა, ეს ტექნიკა ყველა სიტუაციაში არ გამოდგება, მაგრამ როცა მოხვევას აპირებთ, ის მოსახერხებელია.

3. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ფეხი

ყველას უნახავს აჩქარებული მანქანა, რომელსაც უკან მუხრუჭის მაშუქები ჰქონდა ანთებული. ეს შესაძლოა ასეთი მანქანის უკან მიმავალი მძღოლისთვის დამაბნეველი აღმოჩნდეს და ავარიის მიზეზიც კი გახდეს. ზოგიერთი მძღოლი აქსელერატორისა და მუხრუჭის სატერფულს ერთდროულად აჭერს. ეს ხუნდებს ცვეთს და საყრდენი დისკების დეფორმირებას იწვევს. გამოიყენეთ მხოლოდ ერთი ფეხი.

 

4. დაიცავით დისტანცია (თუ შესაძლებელია)

თუ გაქვთ დისტანციის დასაცავად საჭირო სივრცე, ნუ მიჰყვებით მანქანას ახლოს. არასდროს იცით, რას მოიმოქმედებს წინა ავტომობილი. შესაძლოა ხშირად დამუხრუჭება მოგიწიოთ. თქვენი მუხრუჭები უფრო სწრაფად გაცვდება. გამოიყენეთ მუხრუჭის გარეშე შენელების ტაქტიკა, ოღონდ, რა თქმა უნდა, მაშინ, როცა უსაფრთხოებისთვის საჭირო დისტანცია დაცული გაქვთ.

5. ნაკლები წონა უკეთესია

მანქანის ზედმეტად დატვირთვა თქვენს მუხრუჭებზე უარყოფითად აისახება. გათვალეთ, რა სიმძიმის გაძლებას შეძლებს თქვენი ავტომობილი ისე, რომ მუხრუჭებზე ზედმეტი წონა უარყოფითად არ აისახოს. ასევე, ავტომობილის ახალი ნაწილების ყიდვისას დარწმუნდით, რომ ახალი ნაწილები ძველ, ქარხნულზე მძიმე არ არის.

6. გამოცვალეთ სამუხრუჭე სითხე გარკვეულ ინტერვალში

შემცირებულმა სამუხრუჭე სითხემ შესაძლოა დამუხრუჭების შესაძლებლობაზე უარყოფითად იმოქმედოს. გარედან მოხვედრილმა სითხემ კი შესაძლოა კოროზია გამოიწვიოს. ეს რომ არ მოხდეს, მუხრუჭები უნდა შემოწმდეს და სითხე გარკვეულ ინტერვალებში გამოიცვალოს. ტექნიკური მომსახურების ჩატარების ინტერვალი თითოეული მანქანის მახასიათებლებზეა დამოკიდებული და ავტომწარმოებლების მიხედვით განსხვავებულია. მაგრამ ზოგადი რჩევის თანახმად, სამუხრუჭე სითხე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.

 

და ბოლოს... არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ისეთი პრობლემებიც, რომლებსაც მხოლოდ პროფესიონალის თვალი თუ შეამჩნევს. სამწუხაროდ, საქართველოში მანქანის გეგმიური შემოწმებები პოპულარული არ არის, მაგრამ ზოგადი რეკომენდაციების თანახმად, მუხრუჭების შემოწმება ყოველ 10 000 კმ-ზე არის რეკომენდებული. უნდა გვახსოვდეს, რომ მუხრუჭების შემოწმებაზე თანხის დაზოგვა საკუთარ უსაფრთხოებაზე თანხის დაზოგვის ტოლფასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები