რუსეთი მომდევნო თვიდან ბენზინის ექსპორტს სრულად აკრძალავს
Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთი უახლოეს დღეებში ბენზინის ექსპორტზე სრულ აკრძალვას დააწესებს. შეზღუდვა, სავარაუდოდ, აგვისტოს თვეში ამოქმედდება და მომდევნო ორი თვის განმავლობაში ძალაში დარჩება. ინფორმაცია საკითხთან დაახლოებულმა სამმა წყარომ გამოცემასთან დაადასტურეს.
ამჟამად, შეზღუდვები მხოლოდ გადამყიდველების მიერ ბენზინის ექსპორტის მცირე ნაწილზე მოქმედებს, ხოლო ნავთობკომპანიებს საწვავი საზღვარგარეთ გაყიდვის უფლება კვლავ აქვთ. ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია და აკრძალვა აგვისტოსა და სექტემბერში იმოქმედებს. კიდევ ერთი ინფორმირებული წყაროს განცხადებით, გადაწყვეტილება შესაძლოა ორშაბათს გამოცხადდეს.
წყაროების ცნობით, შეზღუდვები არ მოიცავს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს ჯგუფის, და ისეთი ქვეყნებისთვის ბენზინის მიწოდებას, როგორიცაა მაგალითად მონღოლეთი, რომელთანაც რუსეთს საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებები აკავშირებს.
რუსეთმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ბენზინის ექსპორტზე დროებითი აკრძალვები რამდენჯერმე დააწესა. მიზეზი საწვავის დეფიციტის შემცირება და მაღალი ფასების წინააღმდეგ ბრძოლა გახლდათ. შემდგომი ნაბიჯებისთვის რუსეთი საწვავის ბაზარს შეისწავლის და გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა შემდგომი შეზღუდვები.
წყაროების თანახმად, რუსეთმა, 2025 წლის პირველ ხუთ თვეში წინა წელთან შედარებით, ბენზინის ექსპორტი 25%-ით გაზარდა და დაახლოებით 2.51 მილიონ ტონას მიაღწია.