საქართველო, ავტოექსპორტი, ავტოიმპორტი, გაყიდვები, ელექტრომობილები
Aa
Aa

საქართველომ 4 400-ზე მეტი ელექტრომობილი იყიდა | როგორია Ev-ების საშუალო ფასი?

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 4 493 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა, ჯამში 76.216 მლნ დოლარის ღირებულების. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 379 ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, ჯამში 46 მლნ დოლარის ღირებულების.

შესაბამისად, წელს საშუალოდ ერთი იმპორტირებული ელექტრომობილის ფასი 17 ათას დოლარამდეა (გადასახადების გარეშე), გასულ წელს 19.3 ათას დოლარამდე იყო. თუმცა ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, ამიტომ, მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, შესაძლოა, მეტი ან ნაკლებიც ღირდეს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურად, 2025 წლის იანვარ-ივლისშიც ელექტრომობილების მთავარი იმპორტიორი აშშ იყო, მას მოსდევს ჩინეთი, იაპონია და გერმანია. სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან კი მცირე რაოდენობით შემოდის.

4 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტრომობილებს ყიდულობს:

  • აშშ - 3 277 ერთეული, 47.553 მლნ დოლარი (ერთი ცალის საშუალო ფასი 14.5 ათასი დოლარი)
  • ჩინეთი - 571 ერთეული, 12.689 მლნ დოლარი (ერთი ცალის საშუალო ფასი 22.2 ათასი დოლარი)
  • იაპონია - 375 ერთეული, 2.384 მლნ დოლარი (ერთი ცალის საშუალო ფასი 6.4 ათასი დოლარი)
  • გერმანია - 101 ერთეული, 8.004 მლნ დოლარი (ერთი ცალის საშუალო ფასი 79.2 ათასი დოლარი)

რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტი), საქსტატის მონაცემების მიხედვით, ის 238%-ით არის გაზრდილი. კერძოდ, წელს საქართველოდან გავიდა 838 ერთეული ელექტრომობილი (ჯამში 21.995 მლნ დოლარის ღირებულების), გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი მხოლოდ 248 ერთეული (7.004 მლნ დოლარი).

ექსპორტიორი ქვეყნების სამეული კი ასე გამოიყურება:

  1. ყირგიზეთი - 252 ერთეული, 7.475 მლნ დოლარი
  2. ყაზახეთი - 232 ერთეული, 5.481 მლნ დოლარი
  3. სომხეთი - 170 ერთეული, 5.621 მლნ დოლარი

წყარო - BPN.GE

მსგავსი სიახლეები