TVR ბრუნდება! — კომპანია V8 Griffith-ს საბოლოოდ გამოუშვებს
სპორტქარების ბრიტანული მწარმოებელი, რომელმაც გაქრობა-დაბრუნების ციკლს მიგვაჩვია, კიდევ ერთხელ დაბრუნდა! TVR-ი Charge Holdings-ის შვილობილი კომპანია გახდა და მორიგ პირობას დებს, რომ დიდი ხნის წინ შეპირებულ V8 Griffith-ს ამჯერად ნამდვილად გამოუშვებს.
რა არის Charge Holdings? ეს კომპანიაა, რომელიც Charge Cars-ს ფლობს, რომელმაც Ford-ის ნებართვით, ელექტრო 1967 წლის მუსტანგი გამოუშვა
ამჯერად, CC-ის მეთვალყურეობისა და მფარველობის ქვეშ, TVR ავტომოყვარულებს Griffith-ს აღირსებს — სპორტქარს, რომელიც ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გამოეშვა. მასში 5-ლიტრიანი V8 უნდა გვენახა ოთხმაგი აირგამანაწილებელი ლილვით, თუმცა პროექტი გაურკვეველი ვადით გაჩერდა. 
ამ მომენტში, არც ერთი მხარე არ ადასტურებს, რომ იგივე ფორმულას გაჰყვებიან. ერთადერთი რაც დაადასტურეს, არის ის, რომ Griffith-ს შიგაწვის ძრავი ექნება. ამის შემდეგ კი კომპანია ელექტრო მომავალზე ფიქრს დაიწყებს.
Charge Holdings ამჯამად TVR-ის საფუძვლიან და მრავალსაფეხურიან რესტრუქტურიზაციას იწყებს, რათა შექმნას მულტი-ბრენდი — ინტეგრირებული საავტომობილო ჯგუფი, რომელიც მცირე „ტირაჟიან“ ავტომობილებს შექმნის.
„Charge Holdings-ის მიზანია, თავი მოუყაროს ლეგენდარულ ბრენდებსა და მსოფლიო დონის მანქანათმშენებლობის გამოცდილებას. ეს სტრატეგიული შერწყმა TVR-თან გააერთიანებს მემკვიდრეობას ინოვაციასთან და შექმნის ლიდერს მდიდრული ავტომობილების სექტორში“, — განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტრომა, პოლ აბერკრომბმა.
როგორც კომპანიაში ამბობენ, დამატებითი დეტალები ცნობილი 2026 წლის პირველ ნახევარში გახდება.