დიდი ალბათობით, 2027 წელს რალის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში დაბრუნდება
თუ რალის ფანი ხართ, თქვენთვის კარგი ამბები გვაქვს — 37 წლის შემდეგ, დიდი ალბათობით, რალის მსოფლიო ჩემპიონატი (WRC) ამერიკულ მიწაზე დაბრუნდება. თუ ისტორიას კარგად არ იცნობთ, გეტყვით, რომ WRC-ის ერთადერთი ღონისძიება აშშ-ში 1988 წელს, ვაშინგტონის შტატში, ოლიმპუსში ჩატარდა.
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ (FIA) სამშაბათს დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების მიწაზე WRC-ის დაბრუნების იდეას განიხილავს. ამისათვის, ჯერ საცდელი ეტაპი ჩატარდება, რაც WRC-ის კვირის იმიტაცია იქნება, რათა შეფასდეს, რამდენად არის ლოკაცია მზად, რათა ასეთი მნიშვნელობის ღონისძიების ლოგისტიკის, უსაფრთხოებისა და მაყურებელთა ნაკადის კონტროლს გაუმკლავდეს. აღნიშნული სატესტო ეტაპი ACCUS-თან (აშშ-ის საავტომობილო შეჯიბრების კომიტეტი) თანამშრომლობით ივნისში ჩატარდება.
„დელეგატები კენტუკისა და ტენესის შტატებში შეისწავლიან ინფრასტრუქტურის საკითხს. ისინი პირადად დააკვირდებიან რელიეფსა და დამხმარე ობიექტებს. პროგრამა მოიცავს რალის ამერიკული ასოციაციის (ARA) ეროვნული ჩემპიონატის ღონისძიებაზე დასწრებასაც, რაც FIA-ს საშუალებას მისცემს, პირადად გაეცნოს აშშ-ის რალის საზოგადოებას, ორგანიზატორებს, მოხალისეებსა და გულშემატკივრებს, ისევე როგორც Podium Event Partners-ს — ორგანიზაციას, რომელიც ავტოსპორტის არაერთ დისციპლინაში, მათ შორის NASCAR-ში მოღვაწეობს და ღონისძიებებს აწყობს", — ვკითხულობთ პრეს-რელიზში.
რალის მსოფლიო ჩემპიონატი ამ დისციპლინის ნამდვილი მწვერვალია და არამხოლოდ რალიში, არამედ მთელ ავტოსპორტში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო, კომპლექსური და ამაღელვებელი დისციპლინაა. 2026 წელს WRC 13 ეტაპს გამართავს — შვედეთის თოვლიანი მთებიდან, კენიის ნახევარუდაბნოებამდე და საუდის არაბეთის დიუნებამდე. კენტუკის მთებში ღონისძიების ჩატარება კი ამ ისედაც საკმაოდ ჭრელ კალენდარს მხოლოდ უფრო საინტერესოს გახდიდა.
თუ რალი გაინტერესებთ, გსმენიათ Toyota Selica-ს სკანდალის შესახებ? თუ არა, გეტყვით, რომ ეს ავტოსპორტის ამ სახეობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გენიალური შემთხვევაა და ჩვენ მას CrystalAuto-ს იუთუბ არხზე ვიდეოც კი მივუძღვენით — იხილეთ და გამოგვიწერეთ!