სიჩქარის ბორცვი, სიჩქარის გადაჭარბება, კანადა, კანონები
Aa
Aa

ონტარიოში სიჩქარის კამერები უქმდება — პრემიერის განცხადებით, ეს „ფულის მახეა“

კანადის პროვინცია ონტარიოში სიჩქარის კამერების გაუქმების გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღეს. რა თქმა უნდა, ამან აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია გზების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული რისკები სხვა გზებით დაბალანსდება. ონტარიოს პრემიერის განცხადებით, სიჩქარის კამერა სხვა არაფერია, თუ არა „ფულის მახე“, რომელიც კანადაში თავზეხელაღებული მძღოლების პრობლემას ვერ აგვარებს.

ამ თამამ ნაბიჯთან ერთად, 210 მილიონი კანადური დოლარი (149 მილიონი აშშ დოლარი) მოხმარდება საგზაო უსაფრთხოების ალტერნატიული ზომების გატარებას — მძღოლებს გზად მეტი მწოლიარე პოლიციელი შეხვდებათ, თუმცა სახლში ნაკლები ჯარიმითაც მივლენ. 

სად წავა გამოთავისუფლებული თანხები?

გასულ კვირას, ონტარიოს სატრანსპორტო გზების მინისტრმა დაადასტურა, რომ დამატებით 30 მილიონი დოლარი მოხმარდება გზებზე რამპების (ე.წ „მწოლიარე პოლიციელი"), ამაღლებული საფეხმავლო გადასასვლელების, შემოვლითი გზაჯვარედინებისა (წრიული) და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას. ასევე, გაიზრდება საპატრულო პოლიციის რაოდენობა სკოლებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილების მიმდებარედ.

მცირე ხნის წინ ონტარიოში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 50% მეტი უპირატესობას მოძრაობის „დამამშვიდებელ" ზემოთ ჩამოთვლილ ზომებს ანიჭებს, ვიდრე სიჩქარის კამერებს. 33% ამ სიახლეს ეწინააღმდეგება, 17%-მა კი პასუხისგან თავი შეიკავა. 


ამავე გამოკითხვაში, 80% აცხადებს, რომ ყველაზე მეტად შენელებისკენ „მწოლიარე პოლიციელი“ უბიძგებს — როგორც ჩანს, საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტად, ადამიანებს ავტომობილის სავალი ნაწილების ჯანმრთელობა აღელვებთ...

სავარაუდოდ, აღნიშნული მოდელი, ჯერჯერობით, მხოლოდ ონტარიოში იმოქმედებს და თუ ეფექტიანი იქნება, შემდეგ მას კანადის მთელ ტერიტორიაზეც ვიხილავთ. 

მსგავსი სიახლეები