2026 წლის Mercedes-Benz CLA-მ ერთი დამუხტვით 700კმ გაიარა | მოსალოდნელზე 100-ით მეტი
ახალი Mercedes-Benz CLA აშშ-ში უკვე გამოჩნდა და პირველი ვერსია, რომელიც ჯერჯერობით ხელმისაწვდომია, ელექტრომობილია — ცოტა ხანში მას ჰიბრიდიც შეუერთდება. Edmunds-მა, რომელიც ამ ტიპის ცდებს საკუთარი მეთოდოლოგიით ატარებს, გერმანული კომპანიის ელექტრომობილი უკვე გამოცადა და საკმაოდ დადებითადაც შეაფასა.
ტესტში 2026 წლის CLA 250+ გამოიყენეს — მერსედესის კომპაქტური ელექტრომობილის უკანა ამძრავი ვერსია. CLA 259+-ს 85კვტ.სთ-იანი ბატარეა აქს და EPA-ს ინდექსით, ოფიციალურად 600კმ-ის გავლა შეუძლია. მიუხედავად ამისა, Edmunds-ის მიერ რეალურ პირობებში ჩატარებულ ტესტში მანქანამ ამაზე 100კმ-ით მეტი, 700კმ გაიარა.

კომპანიამ უკვე მერსედესის 13 ელექტრომობილი გამოცადა, CLA კი ერთი დამუხტვით გავლილი მანძილით მე-2 ადგილზეა და მხოლოდ EQS 450+-ს ჩამორჩება, რომელმაც 750კმ გაიარა. გაითვალისწინეთ ისიც, რომ EQS სრული სედანია, რომელიც CLA-ზე 2-ჯერ ძვირი ღირს. Edmunds-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ CLA ყველაზე იაფიანი ავტომობილია, რომელიც 650კმ-ს გასცდა (ფასი 48500$-დან იწყება).
ტესტირებისას, ელექტრომობილი ყოველ 160 კმ-ზე (100 მილზე) 23.2 კვტ.სთ ენერგიას ხარჯავდა, რაც EPA-ს მაჩვენებელს 16.5%-ით აუმჯობესებს. მანქანამ კარგი შედეგი აჩვენა დამუხტვის სისწრაფის გამოცდაშიც და ამ მიმართულებით Edmunds-ის რეიტინგში, რომელიც 100 ავტომობილისგან შედგება, მხოლოდ Hyundai Ioniq 6-ს ჩამორჩა. 
პირდაპირი შედარებისთვის კომპანიამ დაახლოებით ანალოგიური კლასის წარმომადგენელი, Tesla Model 3 გამოიყენა, რომელმაც ერთი დამუხტვით მხოლოდ 550კმ-ის გავლა შეძლო. მერსედესთან შედარებით ახლოს მივიდა 2026 წლის Audi A6 E-tron Sportback Ultra, რომელმაც 650კმ გაიარა. შემდეგი მოდელი, რომელიც გამოიცდება, მერსედესის ახალი GLB-ია, რომლისგანაც ასევე კარგ შედეგებს მოელიან.
ასევე იხილეთ: არც ისე ლამაზი, თუმცა მაღალტექნოლოგიური — ნახეთ, როგორი იქნება ახალი Mercedes-Benz GLB
Edmunds-ის ტესტის 60% ქალაქში ტარდება, 40% კი ავტობანზე — ეს, კომპანიის ცნობით, დაახლოებით ის პროპორციაა, რომელსაც საშუალოსტატისტიკური ამერიკელი მძღოლი ქალაქსა და გზატკეცილზე ატარებს.