მდიდრული, ჩინური ელექტრომობილები, JAC, Huawei, Maextro, Maextro S800
Aa
Aa

იხილეთ ჩინური მდიდრული სედანი, რომელიც Maybach-ს საეჭვოდ ჰგავს

ჩინური ავტომწარმოებლები მანქანათმშენებლობის ახალ-ახალ სივრცეებს დღითიდღე უახლოვდებიან... ამჯერად, მდიდრული ავტომობილების სეგმენტის ჯერი დადგა და ნაკლებად ცნობილმა ჩინურმა კომპანიამ, Maextro-მ მაიბახთან ვიზუალურად ძალიან მიმსგავსებული მდიდრული ელექტრომობილი, Maextro S800 გამოუშვა. თუ აქამდე არ გაგიგიათ, Maextro სხვა ჩინური კომპანიების, JAC-ისა და Huawei-ს მიერ გამოშვებული მარკაა, რომელმაც, კონკურენცია როლს-როისს, მაიბახს, ბენტლისა და სხვა დასავლურ ტიტანებს უნდა გაუწიოს. 

მართლაც, S800 მაიბახს ძალიან ჰგავს, განსაკუთრებით კი ორ Metallic ფერში გადაწყვეტილი დიზაინით და, ასევე, აღჭურვილია Huawei-ს გიგანტური ეკრანებით, 43-დინამიკიანი აუდიოსისტემითა და მაცივრით. EV სედანი Maextro-ს პირველი მოდელია და ფლაგმანის როლს სწორედ ის შეითავსებს. გარდა მშვენიერი ექსტერიერისა, ჩინური ავტომწარმოებელი თავს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვრცელი ინტერიერითაც იწონებს. 

ევროპელი მწარმოებლებისთვის მთავარი პრობლემა კი S800-ის ფასია — თუ ახალი მაიბახი 300 000$-მდე ღირს, Maextro-ს ფლაგმანი ამაზე 3-ჯერ იაფი, 100 000$ ეღირება. როგორც ჩანს, ჩინელები მხოლოდ მერსედესისგან არ „იპარავენ" — ბორბლები და ვარსკვლავებიანი ცის სტილში გადაწყვეტილი ჭერი Rolls-Royce-ისგან არის ნასესხები. 

ხელმისაწვდომი S800-ის ორი სრულად ელექტრო ვერსია იქნება — სტანდარტულს ერთი დამუხტვით 675კმ-ის გავლა შეუძლია, ხოლო გაუმჯობესებულ ვერსიას ძალიან შთამბეჭდავი 1100კმ-ის. აღსანიშნავია ისიც, რომ სწრაფდამმუხტველზე შეერთების შემთხვევაში, 10-დან 80%-მდე ავტომობილი 10 წუთში იმუხტება. 

ინტერიერი ძალიან მდიდრულია: ხის აქცენტებითაა გაფორმებული, კარები ავტომატურად იხურება და უკანა სავარძლების მოძრავ კინოთეატრად გადაკეთებაა შესაძლებელი — ამას Huawei-ს 40-დუიმიანი პროექტორი უზრუნველყოფს, რომელიც წინა სავარძლების საზურგეებთან შესანიშნავ მონიტორს ქმნის. S800-ის ხმოვანი და მზის სინათლის იზოლაციაც უნაკლოა — ერთი სიტყვით, ეს ბორბლებიანი სამეფოა...

ავტომწარმოებლის განცხადებით, ავტომობილების წარმოების დაწყებიდან სულ რაღაც 1 საათში კომპანიამ 1000 შეკვეთა მიიღო, დღის ბოლოს კი უკვე 1600-ზე მეტი მოთხოვნა შემოვიდა. სულ რაღაც ერთ თვეში, Maextro-ს თქმით, 6500-მა მომხმარებელმა მიმართა და ავტომობილი შესაძენად დაჯავშნა.

მოკლედ, პრობლემები მხოლოდ სტანდარტული ავტომობილების მწარმოებლებს არ აქვთ და ჩინური საფრთხის წინაშე ბენტლი, როლს-როისი და სხვა „მდიდარი ბიჭებიც“ დგანან, თუმცა ისიც საკითხავია, რამდენად არის შესაძლებელი, სამჯერ იაფად მათი პროდუქტის ხარისხის გამეორება? დასავლური ავტომშენებლობის გულშემატკივრებს შეგვიძლია, თავი იმით დავიიმედოთ, რომ ესეც მორიგი „ჩინური" (უხარისხოს გაგებით) პროდუქტი იქნება... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები