Aurora-ს განცხადებით, ამერიკულ გზებზე 2026 წლიდან ასეულობით თვითმართვადი სატვირთო გამოჩნდება
თუ ფიქრობდით, რომ სრულად ავტონომიური მანქანები მომავლის ტექნოლოგია იყო, ყოველი მომდევნო დღე ამის საპირისპიროს ამტკიცებს. ამჯერად, Aurora-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის ურმსონმა განაცხადა, რომ თვითმართვადი სატვირთოები სცენაზე გამოსვლისთვის მზად არიან.
არაერთი წინაღობის, გადადების, რეგულაციებთან დაკავშირებული პრობლემის მიუხედავად, ავტონომიური სატვირთოების ეპოქა უკვე იწყება. ურმსონის თქმით, 2026 წლიდან ის, რაც არარეალისტური გვეგონა, ჩვეულებრივი ამბავი გახდება.
თავდაპირველი გეგმით, ეს 2024 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა შემდეგ ვადამ 2025 წლის აპრილამდე გადაიწია (როგორც ხედავთ, მაინცდამაინც არც ამ თარიღმა იმუშავა). ტექნოლოგია ტეხასის ავტობანებზე გამოიცადა — ამ მომენტში, Aurora-ს ხუთი ავტონომიური სატვირთო დალასსა და ჰიუსტონს, ასევე ფორტ ვორტსა და ელ პასოს შორის დაიარება. ეს 1000კმ-იანი ტესტი ხაზს უსვამს ავტონომიური ტექნოლოგიის ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას — გამძლეობას. მძღოლებს, როგორც წესი, დღეში 11 საათზე დიდი ხნით სატვირთოს მართვა ეკრძალებათ, თუმცა თვითმართვადი სატვირთოსთვის ეს პრობლემა არ არის — მას მუშაობა, სულ მცირე, 20 საათის განმავლობაში შეუძლია. 
კომპანიებისთვის ეს სწრაფ მიწოდებას, უფრო მომგებიან გრაფიკს და მეტად პროგნოზირებად ლოგისტიკას ნიშნავს. ერთი სიტყვით, ეს სიახლე თამაშის წესებს ცვლის ინდუსტრიაში, რომელსაც მძღოლების დეფიციტი, ფასების ზრდა და გადატვირთული გრაფიკები მუდმივ პრობლემას უქმნის. თუ სამომხმარებლო ავტომობილების შემთხვევაში, ელექტრომობილების „ჰეითერობა“ გემოვნების საკითხია, სატვირთოების შემთხვევა ასეთი არ არის — აქ უპირატესობა იმას ენიჭება, რაც უფრო მომგებიანი და ეფექტიანია. 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი უსაფრთხოებაა. მიუხედავად იმისა, რომ ავტობანებზე მართვა შედარებით მარტივად გამოიყურება, Aurora-ს CEO-ს განცხადებით, ავტომატიზებისათვის ეს უფრო რთული სივრცეა მაღალი სიჩქარეების გათვალისწინებით. კომპანიის სატვირთოები შორეული დისტანციის Lidar სენსორითაა აღჭურვილი, რომელსაც 400-მეტრის დაშორებით ნებისმიერი ობიექტის შემჩნევა შეუძლია.
კრის ურმსონის განცხადებით, ავტონომიურ სატვირთოებთან მიმართებით, ეჭვები აღარ არსებობს და ერთადერთი, რაც შეიძლება ვიკითხოთ, არის რამდენად სწრაფად მოხდება მათი ადაპტაცია.