არც პირველი შემთხვევა, არც უკანასკნელი | აუქციონის გვერდებზე მანქანებს AI-ფოტოებით ყიდიან?
აუქციონის სახლი Bring a Trailer-ი ავტოენთუზიასტთა ყურადღების ცენტრში ყოფნას მიჩვეულია, რაც ძირითადად მათ პლატფორმაზე გასაყიდად განთავსებული იშვიათი და უჩვეულო ავტომობილებითაა განპირობებული. თუმცა, ამ შემთხვევაში სიტუაცია სრულიად განსხვავებულია — უფრო მეტიც, საქმე თანამედროვეობის გამოწვევებსა და ხელოვნურ ინტელექტს ეხება.

1999 წლის Cadillac DeVille-ი აუქციონის სახლის ვებგვერდზე გასულ შაბათ-კვირას გამოჩნდა და დიდი ინტერესიც დაიმსახურა. მაგრამ არავის გამორჩენია ის დეტალიც, რომ DeVille-ის სურათებში რაღაც უცნაურობები შეინიშნებოდა. საუბარი გვაქვს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირების პროცესში წარმოქმნილ უზუსტობებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერც თავად მანქანის მფლობელმა და ვერც Bring a Trailer-ის გუნდმა შეამჩნია.
მაგალითად, ფოტოებზე მარტივად შესამჩნევი იყო ისეთი შეცდომები, როგორიც უკანა ფონთან არაზუსტობაა, ან ძრავის განყოფილების ნაწილი, რომელსაც მთელი წინა პანელი აკლია, ასევე საჭის სვეტზე განლაგებული გადაცემათა გადართვის ორი ბერკეტი და ა.შ. „BaT-ის სანდოობა უფრო მეტად ეცემა, ვიდრე რიჩარდ ჰამონდის“, — წერს ერთი მომხმარებელი ხუმრობით კომენტარებში.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოგვიანებით განცხადება აუქციონის სახლმაც გააკეთა და ავტომობილის გაყიდვის პროცესიც შეაჩერა. როგორც BaT-ი განმარტავს, გამყიდველს სწრაფ ვადაში სხვა ფოტოების მიწოდება არ შეეძლო და, გამომდინარე აქედან, საუკეთესო გამოსავალი აუქციონის შეჩერება იყო, რადგან მისი კეთილსინდისიერად გაგრძელება შეუძლებელი გახდა.
უფრო საინტერესო თავად BaT-ის აუქციონების ხელმძღვანელის, ჰოვარდ სვიგის განცხადება იყო, რომელმაც მომხდარს „დიდი შეცდომა“ უწოდა. „შეცდომა დავუშვით და ამას ვაღიარებთ. BaT-ის მიერ ხარისხის კონტროლი „ძალიან ადამიანურია“ და არ არის დამოკიდებული ალგორითმებზე ან ხელოვნურ ინტელექტზე“, — განმარტებულია ოფიციალურ წერილში.
არ არსებობს არანაირი მინიშნება იმისა, რომ გამყიდველს ან BaT-ს მყიდველების მოტყუება სურდათ. როგორც ჩანს, გამყიდველმა უბრალოდ უფრო ლამაზი უკანა ფონის შერჩევა გადაწყვიტა, რათა სურათებიც უფრო ეფექტური გამოსულიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ძალიან ძვირად — სულ მცირე, ნდობის დაკარგვად — დაუჯდა.

BaT, რა თქმა უნდა, გაამკაცრებს პოლიტიკას და დაამატებს სკრინინგს, მაგრამ ეს, სავარაუდოდ, ბოლო შემთხვევა არ იქნება. ასევე ბევრი წერს, რომ წარსულშიც ალბათ მსგავსად გენერირებული ფოტოები ხშირად შეგვხვედრია, უბრალოდ მათთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ AI სწრაფ განვითარებას აგრძელებს, ამ შეცდომების აღმოფხვრა და ფოტოების დახვეწაც, ალბათ, მხოლოდ დროის საკითხია.