პიკაპი, ელექტრომობილები, ფოლცვაგენი, რივიანი, ფოლკსვაგენი, სკაუტი, სკაუტ მოტორსი
Aa
Aa

Scout Motors-ის გაცოცხლება Volkswagen-ს იმაზე ძვირი უჯდება, ვიდრე წარმოიდგენდა

ფოლკსვაგენმა არც ისე დიდი ხნის წინ Scout-ი მკვდრეთით აღადგინა, თუმცა ეს იმაზე ძვირი წამოწყება აღმოჩნდა, ვიდრე ამას გერმანული ავტომწარმოებლობის გიგანტი იფიქრებდა. კერძოდ, სამხრეთ კაროლინაში, ბლაიტვუდში, ახალი ქარხნის აშენების ხარჯებმა სამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. Handelsblatt-ის ცნობით, კომპანია თავდაპირველად 2 მილიარდის დახარჯვას გეგმავდა...

ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ გაიზარდა ხარჯები ასე ძალიან, თუმცა კომპანიამ მცირე ხნის წინ დამატებით 300-მილიონიანი ინვესტიციის შესახებ განაცხადა, რომელიც ქარხნის ტერიტორიაზე კიდევ ერთი ობიექტის, Supplier Park-ის მშენებლობას მოხმარდება.

 

ეს ინიციატივა მთავრობის სუბსიდიის გარეშე ხორციელდება და დამატებით 1000 სამუშაო ადგილს შექმნის. Supplier Park-ის ფართობი, დაახლოებით, 800 000 კვ.მ (200 აკრი) იქნება და ის აკუმულატორების ასაწყობ დამხმარე ნაგებობასა და ავტომობილის ტიუნინგისთვის საჭირო აქსესუარების საწარმოს გააერთიანებს. 

„ეს გაფართოება ხაზს უსვამს ჩვენს მონდომებასა და თავდადებას ამერიკული ავტომშენებლობის, ისევე როგორც რწმენას სამხრეთ კაროლინას საავტომობილო ინოვაციისა და ეკონომიკური ზრდის ჰაბად ქცევის მიმართ. ჩვენი Supplier Park-ი გააძლიერებს საწარმოო შესაძლებლობებს და დაგვეხმარება მიწოდების მდგრადი ჯაჭვის შექმნაში, რაც რეგიონზე დადებითად ათწლეულების განმავლობაში აისახება", — განაცხადა Scout Motors-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სკოტ კიოგმა. 


წარმოების გაზრდილი ხარჯები გაცოცხლებული მარკაზე ისედაც არსებულ წნეხს კიდევ უფრო ზრდის — მედიის ცნობით, კომპანიის შიგნით ამ პროექტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ეჭვები თანდათან იმატებს. ეს პროცესი, გარკვეულწილად, აშშ-სა და ევროკავშირს შორის არსებული სავაჭრო დაძაბულობის შედეგიც არის, თუმცა, პარალელურად, უნდა აღინიშნოს Volkswagen-ისა და Rivian-ის პარტნიორობაც, რომელიც Scout-ის სივრცეს კიდევ უფრო ამცირებს. Rivian-ის მოდელები, R1T და R1S უგზოობაზე არიან ორიენტირებული და დიდად არ განსხვავდებიან Scout Terra-სა და Traveler-ისგან. 

მიუხედავად ამისა, სკაუტს შეუძლია, ფსონს ბიუჯეტურობაზე ჩამოვიდეს. კომპანიის მოდელების ფასი 60 000$-ზე ნაკლები იქნება, რაც Rivian-ის მოდელებზე იაფია.

როგორ ფიქრობთ, გაუძლებს სირთულეებს ბრენდი, რომლის აღორძინებაშიც Volkswagen-მა უკვე 3 მილიარდი დოლარი დახარჯა, თუ დაბრუნდება იქ სადაც 2022 წლამდე იყო — ავტომწარმოებლების სასაფლაოზე... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები