Toyota ფსონს ისევ ჰიბრიდებზე დებს: კომპანია მილიონობით ახალი მოდელის წარმოებას გეგმავს
Toyota-ს ხსენებაზე, პირველ რიგში, ალბათ ყველას ერთი სიტყვა — „ჰიბრიდი“ ახსენდება. ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ იაპონურ ავტომობილებს ჩვენს გზებზე წარმოუდგენელი სიხშირით ვხვდებით, თუმცა, კომპანიის ახალი სტრატეგიიდან გამომდინარე, მომავალში მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებში Toyota უკვე გლობალური ლიდერია, მომდევნო ორ წელიწადში კი კომპანია წარმოებისა და გაყიდვების მკვეთრ ზრდას აანონსებს. კერძოდ, უახლოეს პერიოდში ჰიბრიდების წარმოება 30%-ით უნდა გაიზარდოს.

იაპონურმა ავტომწარმოებელმა გასულ წელს გლობალურად 10 536 807 ავტომობილი გაყიდა. აქედან 3.994 მილიონი ელექტროფიცირებული მოდელი იყო, მათ შორის 4.433 მილიონი კი — სტანდარტული (ტრადიციული) ჰიბრიდი. ახალი სტრატეგიით, მომავალი წლისთვის როგორც ჰიბრიდული, ისე plug-in ჰიბრიდების წარმოება 5 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება, ხოლო 2028 წლისთვის — 6.7 მილიონამდე.
ეს პროგნოზი ნიშნავს, რომ Toyota-ს მთლიან გაყიდვებში ჰიბრიდული ავტომობილების წილი 50%-დან დაახლოებით 60%-მდე აიწევს. 2028 წლისთვის კომპანიის მთლიანი წარმოება, სავარაუდოდ, 11.3 მილიონამდე გაიზრდება. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ ჰიბრიდების წარმოების ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მთლიანი წარმოების ზრდას, რომელიც იმავე პერიოდში მხოლოდ 10 პროცენტით არის ნავარაუდები.

მხოლოდ ამერიკულ ბაზარზე Toyota ხუთწლიან პერიოდში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ეს მოიცავს ხუთი ქარხნის განახლებას, რომლებიც სრულად ჰიბრიდული ძრავებისა და მათი კომპონენტების წარმოებაზე იქნებიან ორიენტირებულნი.
საინტერესოა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად გაზრდის Toyota სრულად ელექტრომობილების (BEV) წარმოებას. როგორც ჩანს, კომპანია ამჯობინებს ინვესტიციების გაორმაგებას უკვე გამოცდილ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებში, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.