ავარია, ელექტრომობილები, სიაომი, სიაომი სუ7
Aa
Aa

Xiaomi-ს მძღოლის გარდაცვალება ელექტროსახელურების გაუმართაობამ გამოიწვია | გამოძიების შედეგები

ელექტრომობილების კარის სახელურებთან დაკავშირებული შეშფოთება ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა. ამ პრობლემით გამოწვეული ფატალური შემთხვევების მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, ჩინეთმა ახალი რეგულაციები დანერგა და ავტომწარმოებლებს მსგავსი ტიპის სახელურების გამოყენება შეუზღუდა.

ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ Xiaomi-ს ელექტრომობილის, SU7-ის მონაწილეობით გასულ წელს მომხდარი ავარია გახდა. ხელისუფლებამ დაადგინა, რომ 31 წლის მამაკაცმა ინციდენტის შემდეგ ავტომობილის ელექტროსახელურით კარის გაღება ვერ შეძლო და ადგილზე გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული საქმე ჩინურ ავტომწარმოებელს ეხება, მსგავსი სახელურები გამოიყენება Tesla-ს ელექტრომობილებშიც.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა 2025 წლის 13 ოქტომბერს, დილის 03:15 საათზე მოხდა. Xiaomi-ს მძღოლი ელექტრომობილს, სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართავდა. ის ჯერ სხვა ავტომობილს დაეჯახა, შემდეგ კი ცენტრალურ გამყოფ ზოლზე გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა.

ასევე დაგაინტერესებთ: ჩინეთმა ელექტრომობილებზე ელექტრო კარის სახელურების გამოყენება ოფიციალურად აკრძალა

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, SU7-მა ავარიამდე სულ რაღაც სამი წამით ადრე 203 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. სხვა მანქანასთან შეჯახების შემდეგ სიჩქარე 167 კმ/სთ-მდე შემცირდა, ხოლო გამყოფთან შეჯახებისას ავტომობილი 138 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ გამვლელები მანქანაში ჩარჩენილი მძღოლის გადარჩენას — მათ შორის ფანჯრის ჩამსხვრევასა და კარის გაღებას, თუმცა უშედეგოდ. გამომძიებელთა დასკვნით, კარის გარედან გაღება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ხანძრის შედეგად დაბალი ძაბვის სისტემა გაითიშა. ამ უკანასკნელმა კი კარის სახელურის ელექტრონული ფუნქცია დაბლოკა. ანგარიშში ნათქვამია, რომ SU7-ს არ აქვს გარედან ხელმისაწვდომი მექანიკური საკეტები და სრულად არის დამოკიდებული ელექტროგაღების ღილაკებზე.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთმა ელექტრომობილებზე მხოლოდ ელექტროკარის სახელურების გამოყენება ოფიციალურად აკრძალა. საუბარია ე.წ. „ჩაფლულ“ სახელურებზე, რომლებსაც ვხვდებით როგორც ამერიკული Tesla-ს, ისე ჩინური BYD-სა და Xiaomi-ს პოპულარულ მოდელებზე. 2027 წლიდან ავტომწარმოებლები ვალდებულნი ხდებიან, ჩინეთში გაყიდულ ყველა ელექტრომობილს, როგორც შიგნიდან, ისე გარედან, მექანიკური კარის სახელური დაუმონტაჟონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები