AI-თ გენერირებული ფოტოების შემდეგ, CAT-მა რეალური პიკაპი შექმნა
Caterpillar-ი კომპანიაა, რომელიც ყოველთვის ასოცირდება წარმოუდგენლად დიდი ზომის მანქანებთან და „მიწის მამოძრავებელ ძალასთან“, თუმცა არა სტანდარტულ სამგზავრო მოდელებთან. ამ აღწერის შემდეგ შესაძლოა ლოგიკურიც კი იყოს მსგავსი კომპანიისთვის, რომ თავისი ძალები სხვა მიმართულებითაც მოსინჯოს, და ეს პროექტი სწორედ ამის ერთგვარი გამოვლინებაა.
ამ პროექტის ნაპერწკალი ჯერ კიდევ 2024 წლის მიწურულს გაჩნდა, როდესაც CAT-ის ბრენდირებით, თუმცა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული პიკაპის ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა. Caterpillar-მა მოგვიანებით აღიარა, რომ ეს იდეა მას გონებაში „ჩაებეჭდა“ იმდენად, რომ გადაწყვიტა, ჩანაფიქრი სისრულეში მოეყვანა. ასე მივიღეთ CAT-ის უახლესი პიკაპი, რომელიც უკვე არსებულ Ford-ის მოდელზეა დაფუძნებული.

თუმცა ცუდი ამბავიც გვაქვს: რამდენადაც არ უნდა მოგწონდეთ ეს მოდელი, სამწუხაროდ, მის შეძენას ვერ შეძლებთ, რადგან CAT-ი მის გამოშვებას მხოლოდ ერთ ეგზემპლარად გეგმავს. ასე რომ, მისი ფლობის შანსი თითქმის არ არსებობს — ყოველ შემთხვევაში, თუ კომპანია აზრს არ შეიცვლის.
Cat Truck-ი Ford Super Duty-ს მიხედვითაა აგებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ საფუძველმა ბევრი შესაძლოა პროგნოზირებადი დიზაინის იდეამდე მიიყვანოს, Caterpillar-მა მაინც შეძლო და პიკაპს ბრენდის იდენტობის შესაბამისი, გამორჩეული იერსახე მისცა.

ახალ პიკაპში Super Duty-ს ქარხნული მაშუქები შენარჩუნებულია, თუმცა CAT-მა მისთვის ახალი, შავი ფერის ცხაური და ბამპერი შეიმუშავა, ყვითელი საბუქსირე რგოლებით. შეიცვალა კაპოტიც და მოდელს ბორბლების თავზე კვადრატული ფორმის თაღებიც დაემატა. პიკაპს ახლა აქვს გვერდითი საფეხურები და უნიკალური ბორბლები, რომლებიც ტალახიანი რელიეფისთვის განკუთვნილ საბურავებშია გახვეული. პიკაპის სახურავი დრონის გამოყენებაზეცაა მორგებული.
Cat Truck-ის ინტერიერის შესახებ ინფორმაცია შედარებით მწირია, თუმცა ვიცით, რომ მოდელი CAT-ის VisionLink Productivity სისტემითა და AI Assistant-ით არის აღჭურვილი. მიუხედავად იმისა, რომ Caterpillar-ს აქვს რესურსი და გამოცდილებაც, მძლავრი და კონკურენტუნარიანი მასობრივი წარმოების პიკაპი შექმნას, როგორც ჩანს, ეს ჯერ მის გეგმებში არ შედის და კომპანია ამ ერთი მაგალითითაც კმაყოფილია.