ნავთობი, საწვავის ფასი, ტოიოტა, ირანი, კონფლიქტი, სანავთობო კრიზისი
Aa
Aa

როგორ მოქმედებს ირანში მიმდინარე კონფლიქტი ავტოინდუსტრიაზე?

ახლო აღმოსავლეთში ამჟამად მიმდინარე კონფლიქტი გასცდა იმ ეტაპს, როცა მას ისე უყურებდნენ, როგორც რიგით გეოპოლიტიკურ სიახლეს — ახალი ესკალაცია ეკონომიკაზე, შესაბამისად, ავტოინდუსტრიაზე უკვე მოქმედებს და ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ის, რაც სპარსეთის ყურეში ხდება, სპარსეთის ყურეში ნამდვილად არ რჩება — განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ნავთობსა და მის გადაზიდვას ეხება. დეტროიტიდან ტოკიომდე, ავტომწარმოებლები სტრატეგიების გადახედვას იწყებენ, რადგან ისედაც არასტაბილურ ბაზარზე პოტენციური სანავთობო კრიზისი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. 

საწვავის ფასები

აშშ-ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დაწყებიდან მალევე, ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა — საავტომობილო ბიზნესის თავდაყირა დასაყენებლად ეს ფაქტიც კი საკმარისია. ჰორმუზის სრუტე, ერთი შეხედვით, ძალიან ვიწრო საზღვაო გასასვლელია, თუმცა ნავთობის საერთაშორისო გადაზიდვებში ერთ-ერთი ცენტრალური კვანძია (მასში მსოფლიო მიწოდების, დაახლოებით 1/5 გაედინება). 

ასევე იხილეთ: საქართველოში საწვავი 2-დან 18 თეთრამდე გაძვირდა - რა ფასად შეიძენთ ბენზინს/დიზელს?

ნავთობის ფასი დიდად ელასტიკური არასდროს ყოფილა, ამიტომ სრუტეში მცირე არასტაბილურობაც კი მასზე დრამატულად მოქმედებს — მიმდინარე კონფლიქტი კი „არასტაბილურობის“ საზღვრებს დიდი ხანია გაცდა. საკუთრივ ნავთობის გაძვირება, ცხადია, ზრდის ავტომწარმოებლების ხარჯებსაც — დაწყებული ქარხნების მუშაობით, დამთავრებული ავტონაწილებისა და ავტომობილების გადაზიდვებით. 

ხანმოკლე ინტერვენცია თუ განგრძობითი ომი?

მეორე კითხვა, რომელიც ყველაზე ხშირად ისმის, კონფლიქტის ხანგრძლივობას ეხება — რას ვადევნებთ თვალს: აშშ-ისრაელის ხანმოკლე ინტერვენციას, თუ სრულმასშტაბიან ომს ირანის წინააღმდეგ, რომელიც ხანმოკლე არ იქნება? S&P Global-ის ანგარიშის თანახმად, ამ კითხვაზე პასუხი ინდუსტრიისათვის რადიკალურად განსხვავებულ სცენარებს ნიშნავს. 

მართალია, ირანი გლობალურ სცენაზე საავტომობილო სამყაროში მნიშვნელოვანი მოთამაშე არ არის (2025 წელს ქვეყანაში 1.1 ავტომობილი ააწყვეს — მათი უმრავლესობა საშინაო მოხმარებისთვის), თუმცა გახანგრძლივებული კონფლიქტი მთელ ინდუსტრიას მძიმედ დაარტყამს — ვალუტისა და ფასების არასტაბილურობა მომხმარებლის პრეფერენციებს ძალიან არაპროგნოზირებადად აქცევს.

დიდი პრობლემაა ახლო აღმოსავლეთში ავტომობილების მიწოდების გართულებაც. სპარსეთის ყურეში ამ მომენტში საკვანძო გადასაზიდი მარშრუტებით სარგებლობა, ბუნებრივია, რისკებთანაა დაკავშირებული. აზიური ავტომწარმოებლებისთვის, რომლების ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილიც სწორედ ახლო აღმოსავლეთის რეგიონზეა მიბმული, ყოველი დაყოვნებული დღე ზარალის ზრდას ნიშნავს. 

იაპონური, სამხრეთკორეული, ჩინური და ინდური ავტომწარმოებლები ყურის გავლით აწვდიან მანქანებს მომხმარებლებს საუდის არაბეთიდან, არაბთა გაერთიანებული სამიროებიდან და სხვა ქვეყნებიდან. 

რატომ ამცირებს ტოიოტა წარმოებას?

Reuters-ის ცნობით, Toyota არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ავტომობილების წარმოების რაოდენობას რამდენიმე ათასით შეამცირებს — რა თქმა უნდა, ეს შემცირება ახლო აღმოსავლეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მოდელებს შეეხება. როცა ამ მასშტაბის კომპანია საწარმოო ხაზის ცვლილებას იწყებს, ეს მიმწოდებლებისათვის განგაშის საფუძველია.

ასევე იხილეთ: როგორ გაანადგურეს სამოქალაქო პიკაპებმა მუამარ კადაფის ტანკები?


მცირე კომპონენტების მწარმოებლები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში არიან — ექსპორტის რაოდენობაში ცვლილებები მათთვის წარმოების დაგეგმვას ძალიან ართულებს. 

ერთი სიტყვით, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, საწვავის ფასების ზრდასთან ერთად ავტომობილების ფასების ზრდაც არ უნდა გამორიცხოთ... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები