საწვავის ფასი, ირანი, კონფლიქტი, სანავთობო კრიზისი, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო
Aa
Aa

IEA სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონ ბარელ ნავთობს გამოყოფს

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) 32 წევრი ნავთობის საგანგებო რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფაზე შეთანხმდა. ეს ნავთობის მარაგების ისტორიაში უდიდესი გამოთავისუფლება იქნება, რომელიც ირანში მიმდინარე ომის მიერ გამოწვეული დეფიციტის აღმოფხვრას მოემსახურება.

ორგანიზაციის განცხადებით, 2025 წელს ჰორმუზის სრუტეში, საშუალოდ, დღიურად 20 მილიონი ბარელი ნავთობი გაედინებოდა, რაც ნავთობის გლობალური საზღვაო ვაჭრობის 25%-ია. ახლა ეს მაჩვენებელი კონფლიქტისწინა პერიოდის დონის 10%-ზეა ჩამოსული, შესაბამისად პრობლემები თანდათან გროვდება. 

ჰორმუზის სრუტე, ფაქტობრივად, ჩაკეტილია — ირანი აქ გემებს აქტიურად ესხმის თავს, შესაბამისად, რეგიონული მწარმოებლები იძულებულნი არიან, დროებით შეაჩერონ ან შეამცირონ წარმოება, რადგან უკვე მოპოვებული ნავთობის გატანა ვერ ხერხდება. IEA-ს განცხადებით, სრუტის გვერდის ავლით ნავთობის ტრანსპორტირების შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. 

სავარაუდოდ, რეზერვების გამოთავისუფლება დაუყოვნებლივ ბაზარზე არ აისახება — სარეზერვო ნავთობი წევი ქვეყნების ეროვნული ინეტერესებისა და ვითარების შესაბამისად გამოიყოფა. 

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა, რომ „ნავთობის ბაზარი გლობალურია, შესაბამისად დიდ დაბრკოლებებზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს". ორგანიზაციის წევრები ჯამურად 1.2 მილიარდ ბარელ სარეზერვო ნავთობს ფლობენ, რასაც ინდუსტრიის რეზერვის კიდევ 600 მილიონი ბარელი ემატება. ეს ისტორიაში რეზერვების კოორდინირებული გამოყოფის მე-6 შემთხვევაა — ადრე ეს 1991, 2005, 2011 და 2022 (2-ჯერ) წლებში მოხდა.  

საწვავის ფასი ზრდას აგრძელებს

კონფლიქტის პარალელურად იზრდება საწვავის ფასიც. გალონი ბენზინის ფასმა აშშ-ში 3.58$-ს მიაღწია, რაც 38 კვირაში 38, ხოლო თვეში 64 ცენტიანი ზრდაა. 

განსაკუთრებით ცუდი დღე დიზელზე მომუშავე ძრავის მქონე ავტომობილების მძღოლებს დაუდგათ. ერთი გალონი დიზელი, დაახლოებით, 1 დოლარით გაძვირდა და ფასმა 4.83 დოლარი შეადგინა. 

მსგავსი სიახლეები