ევროკავშირი, ჩინეთი, ბივაიდი, ჩინური ავტომობილები
Aa
Aa

ევროპა BYD-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს? | რა რისკებს შეიცავს ჩინური ავტომობილები

ევროპის კავშირი ჩინურ ავტომწარმოებელს, BYD-ს, ახალ ბრალდებებს უყენებს. ორგანიზაციას სურს შეისწავლოს, ხომ არ წარმოადგენს კომპანიის ავტომობილებში დაყენებული კამერები, GPS და სხვა სისტემები კიბერუსაფრთხოების რისკებს. თავად BYD ნებისმიერ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ კომპანია ევროპაში შეგროვებულ ინფორმაციას პეკინს არ გადასცემს.

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ამის პარალელურად კი ევროპის ქვეყნებში BYD-ის ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში BYD-მა ევროპაში 283 997 ავტომობილი გაყიდა. ეს მაჩვენებელი Ford-ის გაყიდვებს თითქმის 7 000 ავტომობილით აღემატება. შედეგად, ამ პერიოდში ევროპის ბაზარზე BYD-ის წილი 2.7%-ს შეადგენდა.

თუმცა ევროპის კავშირი ბაზარზე ჩინური კომპანიის სწრაფ განვითარებას მხოლოდ კონკურენციისა და ბაზრის გადანაწილების თვალსაზრისით აღარ განიხილავს. ევროპელი კანონმდებლების შეშფოთება ამჯერად უკვე BYD-ის ავტომობილებში გამოყენებულ ტექნოლოგიებს უკავშირდება. ინიციატივის ავტორის შეფასებით, ჩინეთში წარმოებული ავტომობილების ევროპულ ბაზარზე დაშვებამ შესაძლოა რეგიონის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი რისკები წარმოშვას.

4 ნოემბრით დათარიღებულ მიმართვაში კანონმდებლებმა ევროპის კომისიას სთხოვეს, საკითხის შესწავლაში ბლოკის კიბერუსაფრთხოების სააგენტო ჩაერთოს და საფუძვლიანი ეჭვების არსებობის შემთხვევაში მოხდეს BYD-ის კლასიფიცირება, როგორც მაღალი რისკის შემცველი მიმწოდებლის.

შეშფოთების მთავარი საფუძველი ავტომობილებში დამონტაჟებული კამერები, GPS-ნავიგაცია, მიკროფონები და სხვა სენსორებია. ამ და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებით თანამედროვე ავტომობილები გარემოს შესახებ დიდი რაოდენობით ინფორმაციას აგროვებენ — მათ შორის, გადაადგილებისა და მომხმარებლების შესახებ. ევროპელ კანონმდებლებს სურთ გაარკვიონ, არსებობს თუ არა რისკი, რომ ჩინური ავტომობილების მიერ შეგროვებული მონაცემები პეკინის ხელში აღმოჩნდეს.

თავად BYD-ში ბრალდებებს უარყოფენ. კომპანიის მტკიცებით, პეკინს მის მიერ ევროპაში შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა არ აქვს. Reuters-ისთვის მიცემულ კომენტარში კომპანიამ განაცხადა, რომ BYD Europe ასეთ მონაცემებს ჩინეთში მდებარე საკუთარ კომპანიებს ან მესამე პირებს არ გადასცემს.

ამ ეტაპზე კანონმდებლები მხოლოდ გამოძიების დაწყებას ითხოვენ და არა ევროპის მასშტაბით BYD-ის ავტომობილების აკრძალვას. შესაბამისად, ეს არ ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე BYD-ის ევროპელ მომხმარებლებს ავტომობილებით სარგებლობა აეკრძალებათ. თუ რა კონკრეტული ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ მოთხოვნის საპასუხოდ, მომავალში გავიგებთ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი 76%-ით გაიზარდა | რამდენი მანქანა ვიყიდეთ 9 თვეში
    ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი 76%-ით გაიზარდა | რამდენი მანქანა ვიყიდეთ 9 თვეში